არჩვნები 2020
საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური 21 ნოემბერს ჩატარდება - ცესკო
საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარე წლის 21 ნოემბერს გაიმართება. ამის შესახებ ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი შარაბიძემ ცესკოში სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც გიორგი შარაბიძემ განაცხადა,  სხდომაზე ადგილი ჰქონდა საარჩევნო ადმინისტრაციის წევრებზე ზეწოლის მცდელობას, რაც მიუღებელია.
"ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ დღევანდელი სხდომა მიმდინარეობდა კანონის პროცედურების სრული დაცვით, თუმცა ადგილი ჰქონდა როგორც საარჩევნო ადმინისტრაციის, ასევე მის წევრებზე ზეწოლის მცდელობას, ასევე გარკვეულწილად მუქარის შემცველ განცხადებებსაც. ეს კატეგორიულად მიუღებელია. ცესკო ახორციელებს კანონით დადგენილ უფლებამოსილებებს.
ცესკო-მ დანიშნა მეორე ტურები, რომელიც გაიმართება კანონით დადგენილ ვადაში, მიმდინარე წლის 21 ნოემბერს",-განაცხადა გიორგი შარაბიძემ.

სხდომა ცესკოში გუშინ გაიმართა. სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული 21 საკითხი განიხილეს.

ასევე ცესკომ განიხილა საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ მიღებულ შემაჯამებელ ოქმებზე შეტანილი საჩივრები, რომელიც შემდეგმა სუბიქტებმა წარადგინეს: პოლიტიკური გაერთიანება ,,ევროპული საქართველო - მოძრაობა საქართველოსთვის", პოლიტიკური გაერთიანება ,,ნინო ბურჯანაძე - ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობა", საარჩევნო ბლოკი ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა -გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშია", პოლიტიკური გაერთიანება ,,დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი-საქართველოს პატრიოტთა ალიანსი", პოლიტიკური გაერთიანება ,,სამართლიანობისთვის", საარჩევნო ბლოკი ,,გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი". მათ შორის იყო ა(ა)იპ-ის ,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" საჩივარი.

ცესკოს შემაჯამებელი სხდომა დღეს ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. სხდომაზე ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიასა და "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთ ლიდერს ხათუნა გოგორიშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
სხდომის პარალელურად ცესკოს შენობასთან საპროტესტო აქციაც იმართეობდა.


Print