არჩვნები 2020
ხელვაჩაურის მერმა ჟურნალისტს აგინა და დაემუქრა
ხელვაჩაურის მერი, ჯუმბერ ვარდმანიძე სამსახურებრივი ავტომანქანით ქართული ოცნების წინასაარჩევნო შეხვედრაზე, სოფელ მაჭახელაში ოცნების კანდიდატებთან ერთად დააფიქსირეს. აგიტაციაში მონაწილე მერს, ბათუმელების ჟურნალისტმა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე კითხვა დაუსვა, თუმცა მერი დასმულმა შეკითხვამ ისე გააღიზიანა, რომ ჟურნალისტს აგინა და დაემუქრა.
ვარდმანიძის საკითხი ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში განიხილეს და დაადგინეს, რომ მერის საქციელი თანამდებობის პირთა ეთიკურ პრინციპებს ეწინააღმდეგება და ახალისებს ჟურნალისტების მიმართ აგრესიას.

ხელვაჩაურის მერის ჟურნალისტთან სატელეფონო საუბარი თავად გამოცემამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

ბათუმში, ევროპის მოედანზე, დღეს, გამოცემა "ბათუმელების" მხარდამჭერი აქცია გაიმართება. როგორც ჟურნალისტები აცხადებენ, აქციაზე შეკრებილები ხელვაჩაურის მერის ჯუმბერ ვარდმანიძის მიერ ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტს გააპროტესტებენ.

"ხელვაჩაურის მერის გაღიზიანება მოჰყვა ჟურნალისტის შეკითხვას, რატომ გადაადგილდება მერი "ქართული ოცნების" მაჟორიტარი კანდიდატის საარჩევნო კამპანიის დროს მერიის კუთვნილი ავტომანქანით, რასაც კანონი კრძალავს. მერმა ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ჟურნალისტს, შემდეგ კი გინებაზე გადავიდა. მან ზუსტად იცოდა, რომ ესაუბრებოდა ჟურნალისტს. საჭიროდ ჩავთვალეთ გამოგვექვეყნებინა ჩანაწერის ფრაგმენტი, რადგან ვთვლით, რომ საზოგადოებამ უნდა იცოდეს ამ ფაქტის შესახებ", - აცხადებს "ბათუმელების" მმართველი რედაქტორი ნანა კვაჭაძე.


Print