არჩვნები 2020
ოპოზიცია მასშტაბურ აქციას აანონსებს
შესაძლოა პარლამენტის ლეგიტიმაციის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს. პარტიების დიდი ნაწილი, ვინც 1%-იანი ბარიერი გადალახა აცხადებს, რომ საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობს.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის შედეგებს არ აღიარებს მთავარი ოპოზიციური ძალა, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა". ახალი მოწვევის პარლამენტში შესვლას არ აპირებენ: "ლელო საქართველოსთვის", ალეკო ელისაშვილის პარტია "მოქალაქეები", "სტრატეგია აღმაშენებელი" და "ლეიბორისტული" პარტია. "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, სერგი კაპანაძის განცხადებით, 8 ნოემბერს საერთო ეროვნული პროტესტი გაიმართებადა აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა ვადამდელი არჩევნების ჩატარება იქნება.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დემოკრატიული ინსტიტუტის მხარდაჭერის პროგრამის დირექტორი, ვახუშტი მენაბდე ამბობს, რომ იმ შემთხვევაში თუ ოპოზიცია არ შევა ახალი მოწვევის პარლამეტში, პარლამენტს უფლებამოსილება არ შეუწყდება.

"სამართლებრივად ახლა ოპოზიცია, რომ არ შევიდეს პარლამენტში ამით პარლამენტი უფლებამოსილებას არ შეწყვეტს, თუმცა არ შესვლას შეიძლება ჰქონდეს, რაღაც პოლიტიკური შედეგები. თუ მაინც და მაინც ოპოზიცია ფიქრობს, რომ აქვთ მყარი მტკიცებულებები არჩევნების ისეთი დარღვევებით ჩატარების შესახებ, რომელიც რომ არ ყოფილიყო სხვა რეზულტატებს მოგვცემდა, არსებობს სამართლებრივი დავის მექანიზმები, "- აცხადებს ვახუშტი მენაბდე.
ოპოზიციამ პარლამენტის წინ გუშინ, 1 ნოემბერს აქცია გაამრთა. ოპოზიცია და მათი მხარდამჭერები აცხადებენ, რომ 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგები გაყალდა და ამბობენ, რომ ცესკოს მონაცემებს არ აღიარებენ და საკანონმდებლო ორგანოში შესვლას არ აპირებენ.

Print