არჩევნები 2018
ბორჯომის 30-ივე საარჩევნო უბანი 08:00 საათზე გაიხსნა
დღეს ქვეყანაში, საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. ბორჯომის 30-ივე საარჩევნო უბანი 07:00 საათზე გაიხსნა , კენჭისყრის შენობებში ხმის მიცემის პროცედურა კი 08:00 საათიდან დაიწყო. პირველი ამომრჩეველი ბორჯომის ყველა საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა. პროცესი საარჩევნო კანონმდებლობის სრული დაცვით მიმდინარეობს. მუნიციპალიტეტის მასშტაბით სულ რეგისტრირებულია 26 703 ამომრჩეველი.

2018 წლის არჩევნებში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 518 877-ს შეადგენს. არჩევნების ჩასატარებლად სრულ მზადყოფნაშია 3 703 საარჩევნო უბანი, მათ შორის 55 საზღვარგარეთ, 11 კი გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანია.

ბიულეტენები დაბეჭდილია ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე და ასევე რამდენიმე უბნისთვის დაბეჭდილია სამენოვანი ბიულეტენები (ქართულ-აზერბაიჯანულ-სომხური).

ცესკოს ინფორმაციით, საპრეზიდენტო არჩევნებისთვის რეგისტრირებულია და დააკვირდება საარჩევნო სუბიექტების 82 000-ზე მეტი წარმომადგენელი, 73 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 22 000-ზე მეტი დამკვირვებელი და 58 საერთაშორისო ორგანიზაციის 1100-ზე მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი. საარჩევნო პროცესს გააშუქებს 125 მედია ორგანიზაციის 2000-ზე მეტი ჟურნალისტი; აკრედიტებულ მედიასაშუალებებს შორის 31 საერთაშორისო და 94 ადგილობრივი მედია ორგანიზაციაა.

2018 წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობაზე 25 კანდიდატი იყრის კენჭს, მათ შორის 19 პარტიის მიერ, 6 კი საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატია.
Print