ახალგაზრდული იდეების კონკურსი დაიწყო

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდმა ახალგაზრდული იდეების კონკურსი გამოაცხადა.


კონკურსის მთავარი მიზანია ახალგაზრდული ორგანიზაციების მხარდაჭერა, სხვადასხვა თემაზე პროექტების დაფინანსება და ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობა. ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდი არის სახელმწიფო უწყება, რომელიც იდეების პროგრამის განხორციელებით ხელს უწყობს ქვეყანაში ახალგაზრდების სხვადასხვა კუთხით განვითარებას, მათ არაფორმალურ განათლებას, ახალგაზრდული არასამთავრობო სექტორის გაძლიერებას და ახალი არასამთავრობო ორგანიზაციების შექმნას, ახალგაზრდების დასაქმებას მათივე იდეების ფარგლებში და სამუშაო გამოცდილების დაგროვებას, საქართველოს მუნიციპალიტეტებში ახალგაზრდების მიერ ინიცირებული საინტერესო იდეების განხორციელებას გადაწყვეტილების მიღების, კულტურის, განათლების, სოციალური მეწარმეობის, გარემოს დაცვის სფეროებში.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ახალგაზრდულ ორგანიზაციებს, რომლებიც საკუთარ იდეებს წარმოადგენენ წინასწარ შემუშავებული კრიტერიუმების შესაბამისად.

ახალგაზრდული იდეების კონკურსის პროგრამული მიმართულებებია:

დასაქმების ხელშეწყობა და არაფორმალური განათლება, რომელიც თავის მხრივ მოიცავს სოციალური მეწარმეობის ხელშეწყობას და სკოლიდან სამუშაოზე გადასვლის პროცესის ხელშეწყობას, არაფორმალური განათლების მიღებას და ამ მიმართულებით ახალგაზრდების განვითარებას;
სამოქალაქო მონაწილეობის გაზრდის ხელშეწყობა, რომელიც მოიცავს გარემოს დაცვაზე ზრუნვას და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩასართავად შესაბამისი უნარ-ჩვევების განვითარებას და კულტურას (განსაკუთრებით კრეატიული ინდუსტრიების განვითარების ხელშეწყობას);


2017 წელს უპირატესობა მიენიჭება:

1. რეგიონიდან შემოსულ პროექტებს, აგრეთვე მაღალმთიანი (საქართველოს კანონით "მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ"") და იძულებით გადაადგილებულ პირთა კომპაქტურად დასახლებული რეგიონებიდან წარმოდგენილ პროექტებს;

2. ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენელი ახალგაზრდებისა და სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტის (თავი III, პუნქტი III) მიხედვით განსაზღვრული სპეციალური საჭიროებების მქონე ახალგაზრდების, მოწყვლადი ჯგუფების ინტეგრაციას საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

პროექტები მიიღება მხოლოდ ელექტრონული წესით. დაინტერესებული ორგანიზაციები პროექტის წარმოდგენამდე უნდა დარეგისტრირდნენ ფონდის ვებგვერდზე და ამის შემდეგ შეავსონ ელექტრონული აპლიკაცია.

საკონკურსო ვადის დასრულებამდე ფონდი პერიოდულად გამართავს საკონსულტაციო შეხვედრებს თბილისსა და რეგიონებში. პირველი შეხვედრა 9 მარტს, 14:00 საათზე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს საკონფერენციო დარბაზში გაიმართება. შეხვედრაზე დასწრება თავისუფალია. შეხვედრების განრიგი განთავსდება ფონდის ვებგვერდზე: www.fondi.gov.ge

 

Print