საქართველოში ე.წ. ღორის გრიპის 158 შემთხვევაა დაფიქსირებული
ამ დროისთვის, ქვეყანაში ე.წ. ღორის გრიპის 158 შემთხვევაა დაფიქსირებული - ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ავრცელებს. მისი თქმით, შექმნილი ვითარების ფონზე, ჯანდაცვის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება ე.წ. პირველადი ჯანდაცვის პროტოკოლის შესახებ და თბილისში, ჯანდაცვის 5 დაწესებულება გადავიდა საგანგებო მუშაობის რეჟიმზე.

„ლაბორატორიულ დიაგნოსტიკას ამ ეტაპზე მკურნალობის დაწყებისთვის მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენი კვლევებით, დაახლოებით 162 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა ქვეყანაში, საიდანაც 158 არის H1N1. დანარჩენი 4 შემთხვევა არის H3N2. ასევე გამოჩნდა B ტიპის ვირუსი, რომელიც შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს. გასული კვირის მონაცემებით, ავადობის მაჩვენებელი 100 000 მოსახლეზე გვაქვს - 256. ერთი კვირით ადრინდელ მონაცემთან შედარებით შემცირებულია 21-ით. კვლავ რჩება მაღალი მაჩვენებელი მძიმე რესპირატორული ინფექციის გამო ჰოსპიტალიზაციის. ამის მაჩვენებელიც შემცირებულია 41%-დან 33%-მდე, თუმცა ეს მაჩვენებელიც მაღალია. თბილისში, ჯანდაცვის 5 დაწესებულება გადავიდა საგანგებო მუშაობის რეჟიმზე“, - განაცხადა გამყრელიძემ.
Print