"ფორუმი" - ბალანთაში
ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალანთაში შეხვედრა ადგილობრივ ხელისუფლებას და მოსახლეობას შორის 4 ოქტომბერს შედგა. ბალანთა ბორჯომიდან 70 კილომეტრით დაშორებული მაღალმთიანი ზონის სოფელია. ე. წ ზედა ზონის ოთხ სოფელს შორის ბალანთა ერთადერთია სადაც ქართველები ცხოვრობენ, დანარჩენი 3 სოფელი ეთნიკური სომხებითაა დასახლებული.
ბალანთის კლუბში შეკრებილი ადგილობრივების შეკითხვებს ბორჯომის მერიის და საკრებულოს წარმომადგენლებმა უპასუხეს.

შეხვედრები ბორჯომის სოფლებში პროექტის „თანამონაწილეობა უკეთესი შედეგისათვის" ფარგლებში იმართება, რაც ხელს უწყობს დიალოგს ადგილობრივ მოსახლეობასა და თვითმმართველობის წარმომადგენლებს შორის.




ბალანთაში მთავარი პრობლემა სოფლის შიდა გზებია. აქ მცხოვრებლები გზის რეაბილიტაციის ხარისხს იწუნებენ და მის მოასფალტებას ითხოვენ. ადგილობრივების თქმით, სოფლის შიდა გზები მოიხრეშა, რამაც მანქანებით გადაადგილება კიდევ უფრო გაართულა.




სოფელში, სადაც 35 ოჯახი ცხოვრობს არა აქვთ სასმელი წყალი, დასახლების ნაწილს წყალი საერთოდ არ მიეწოდება, ნაწილი კი ონკანში წამოსულ უხარისხო წყალს სასმელად ვერ იყენებს.
ბალანთაში, სადაც დაახლოებით 6 თვის განმავლობაში, მკაცრი ზამთრის პირობებში გზა იკეტება და სოფელი გარესამყაროს წყდება არ ჰყავთ ექიმი. უგზოობის გამო კი სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა დანიშნულებიოს ადგილამდე დაგვიანებით მიდის.

პროექტს ახორციელებს ა.ო „სამცხე ჯავახეთის მედია ცენტრი“, “ევროპის ფონდის” მხარდაჭერით, დანიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით.

გადაცემის ბმული სომხურ ენაზე  https://www.youtube.com/watch?v=2wVwjfIeOnI

Print