გარემოს დაცვა
კამპანიას „დავასუფთავოთ მსოფლიო“ საქართველოც უერთდება
15 სექტემბერს, მსოფლიოში მილიონობით ადამიანი კამპანიაში „დავასუფთავოთ მსოფლიო“ ერთვება. ღონისძიებას უერთდება საქართველოც. 15 და 16 სექტემბერს, დასუფთავების მასშტაბური აქციები ყველა მუნიციპალიტეტში გაიმართება.
„შევამციროთ პლასტმასით დაბინძურება“ წლევანდელი წლის კამპანიის მოწოდებაა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნოდარ კერესელიძემ, 15 სექტემბერს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე, მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების და ჩართულობის აუცილებლობაზე ისაუბრა.
„კამპანიას „დავასუფთავოთ მსოფლიო“ საქართველოც უერთდება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, ყველა რეგიონში მასშტაბურ აქციებს ახორციელებს. მნიშვნელოვანია, მოსახლეობის ჩართულობა, მათი ცნობიერების ამაღლება, უნარ-ჩვევების შეცვლა და გააზრება, რომ გარემოზე ზრუნვა თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა“, - განაცხადა ნოდარ კერესელიძემ.
როგორც შვედეთის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა, მოლი ლიენმა აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველო კამპანიას „დავასუფთავოთ მსოფლიო“ შეუერთდა.
„ამ პროექტის განხორციელებაში, შვედეთის მთავრობა საქართველოს გვერდითაა. შვედეთშიც ტარდება ანალოგიური კამპანიები. მინდა აღვნიშნო, რომ ამაყი ვარ იმით, რომ საქართველოში გარემოსდაცვითი არაერთი ორგანიზაცია აქტიურადაა ჩართული ღონისძიებაში“, - განაცხადა მოლი ლიენმა.
„საქართველოს მწვანეთა მოძრაობის“ თანათავმჯდომარემ, ნინო ჩხობაძემ მოქალაქეებს 15-16 სექტემბერს მთელი ქვეყნის მასშტაბით დაგეგმილ ღონისძიებებში ჩართვისკენ მოუწოდა.
„დავასუფთავოთ მსოფლიოს“ კამპანია 1992 წელს დაფუძნდა გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) ინიციატივით და მასში 140-ზე მეტი ქვეყანაა ჩართული. საქართველო კამპანიას 2010 წელს შეუერთდა და ის რიგით 121-ე ქვეყანა იყო.
კამპანია საქართველოში, შვედეთის მთავრობისა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ინიციატივით ხორციელდება. ღონისძიებაში ერთვებიან საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი, საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საერთაშორისო კამპანიის Let’s Do IT საქართველოს ეროვნული პლატფორმის წევრი ორგანიზაცია „კავკასიის ახალგაზრდული კავშირი“ და CENN–ის პროგრამა „ნარჩენების მართვის ტექნოლოგია რეგიონებში“, ფაზა II, (WMTR II), რომელსაც მხარს უჭერს USAID.
რეგიონებში დასუფთავების აქციები ჩატარდება საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს რეგიონალური კოორდინატორებისა და ადგილობრივი მთავრობების ორგანიზებით.
Print E-mail
FaceBook Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.