გარემოს დაცვა
ბორჯომის გადამწვარი ტყის აღდგენა იწყება
შაბათს, 6 მაისს, 11:00 საათზე, ბორჯომის ტყის ტერიტორიაზე, კამპანია „აღადგინე ბორჯომის ტყე“–ს ფარგლებში იწყება პირველი დარგვითი სამუშაოები. დაირგვება უკვე შეძენილი 10 000–მდე ნერგი და საფუძველი ჩაეყრება ტყის ხელოვნურად აღდგენის პრეცედენტს საქართველოში. კამპანიის ფარგლებში დაგეგმილია ხანძრისგან დაზიანებულ 250 ჰექტარზე 750 000 ხის დარგვა და ტყის სრული აღდგენა.
ბორჯომის ტყის ტერიტორიაზე, დარგვის პროცესში ჩაერთვებიან მოხალისეები, რომლებმაც უკვე შეიძინეს ნერგები კამპანიისთვის სპეციალურად შექმნილი ვებგვერდის საშუალებით. კამპანიას უკვე შეუერთდა 120 ქართული კომპანია და 1000–ზე მეტი ადამიანი. პირველ დარგვით სამუშაოებს ასევე დაესწრებიან ბიზნესის და მთავრობის წარმომადგენლები.
კამპანია ოფიციალურად 2017 წლის 25 აპრილს დაიწყო და 8 აგვისტომდე გაგრძელდება.
ბორჯომის ტყის ტერიტორიაზე ხის დარგვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ვებგვერდზე – აღადგინე.გე მომხმარებელი თავად ირჩევს რამდენი ხის დარგვა სურს. ხის დარგვა შესაძლებელია როგორც კომპანიის, ისე კერძო პირის სახელით. მომხმარებელს საშუალება აქვს თვალი ადევნოს პროცესს და ყოველდღიურად ვებგვერდზე გადაამოწმოს, რამდენი ხე დაირგო და რამდენი დარჩა ტყის სრულად აღსადგენად.
ბორჯომის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე 2008 წელს გაჩენილი ხანძრის შედეგად, 250–მდე ჰექტარზე ტყის საფარი მთლიანად განადგურდა. ექსპერტების მიერ ჩატარებული კვლევების მიხედვით, ტყის ბუნებრივად აღდგენა შეუძლებელია და აუცილებელია პროცესში ხელოვნური ჩარევა.
კამპანიის ინიციატორია ბიზნეს ინფორმაციის სააგენტო (ბია) და ხორციელდება თრიფექსის (Treepex) ტექნოლოგიური უზრუნველყოფით.
ბორჯომის ეროვნული პარკი ერთ–ერთი უდიდესი პარკია ევროპაში. ტერიტორია ყოველთვის გამოირჩეოდა იშვიათი სახეობის ხეებით და უნიკალური მცენარეებით. პარკის ტერიტორიაზე ბინადრობს „წითელ ნუსხაში“ შესული ცხოველების 8 სახეობა.

https://relaxinfo.ch
Print