გარემოს დაცვა
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკისთვის საერთაშორისო სტანდარტების ხანძრების მართვის გეგმა შემუშავდება
დაცული ტერიტორიების სააგენტოში, ამერიკის შეერთებული შტატების სატყეო სამსახურის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ხანძრების მართვის გეგმის სამუშაო ვერსია განიხილეს. აღნიშნული გეგმის შემუშავებაში ამერიკელი სპეციალისტები აქტიურად არიან ჩართული.

შეხვედრის ფარგლებში, მონაწილე მხარეებმა იმსჯელეს ტყის ხანძრის მართვის სხვადასხვა მეთოდებსა და სტრატეგიებზე, რომლებიც მიზნად ისახავს გლობალური დათბობის პირობებში ტყე-პარკების და ბუნებრივი რესურსების უსაფრთხოების გაძლიერებას.

დაცული ტერიტორიების სააგენტოს ამერიკის შეერთებული შტატების სატყეო სამსახურთან მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობის გამოცდილება აქვს. აღნიშნული პარტნიორობის ფარგლებში, განხორციელებულია არაერთი პროექტი, რომლებსაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის საქართველოს დაცული ტერიტორიების გამართული სისტემის ჩამოყალიბებასა და ფუნქციონირებაში.

Print