ახალი ამბები
"ნუ დატოვებ კოცონს უყურადღებოდ" - სახელმწიფო უწყებების გაფრთხილება ხალხს
მიმდინარე კვირის განმავლობაში, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე მოსალოდნელი ჰაერის ტემპერატურის გამო, შინაგან საქმეთა და გარემოს დაცვის სამინისტროები საზოგადოებას აფრთხილებენ და მოუწოდებენ, არ დატოვონ კოცონი უყურადღბოდ, რათა არ გაზარდონ ტყის ხანძრის რისკი.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური გაცნობეთ, რომ მიმდინარე კვირის განმავლობაში, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მატება, რა დროსაც განსაკუთრებით იზრდება ტყის ხანძრების რისკი. ხანძრის კერის ან დაკვამლიანების შემჩნევის შემთხვევაში დაუყოვნებლივ დარეკეთ 112-ში. აღნიშნული ინფორმაციის შემცველი მოკლეტექსტური შეტყობინება დაეგზავნებათ მოქალაქეებს" - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინიციატივით, გარკვეულ ლოკაციებზე გამაფრთხილებელი ბანერებიც დამონტაჟდა, მოწოდებით: "ნუ დატოვებ კოცონს უყურადღებოდ".

"ტურისტული სეზონი აქტიურ ფაზაშია. აგვისტოს თვე, ჰაერის მაღალი ტემპერატურის გამო, განსაკურებით ხანძარსაშიში პერიოდია. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მოუწოდებს მოსახლეობას - დაიცვან ტყეში უსაფრთხოების წესები! სტატისტიკის მიხედვით, ტყეში ხანძრის გამომწვევი ძირითადი მიზეზი ადამიანთა დაუდევრობაა. ხანძარსაშიშ უბნებსა და იმ ტერიტორიებზე, რომლებიც განსაკუთრებით დატვირთულია ტურისტულ სეზონზე, ეროვნული სატყეო სააგენტო ყოველწლიურად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საინფორმაციო-გამაფრთხილებელ ნიშნებს ანთავსებს. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, ტყეებში სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა დარღვევა, რასაც მოჰყვა ტყეში ხანძრის გაჩენა ან მისი გავრცელება გარკვეულ ფართობზე, აგრეთვე, ტყის მოსპობა ან დაზიანება ცეცხლის წაკიდების ან ცეცხლისადმი დაუდევრად მოპყრობის შედეგად, გამოიწვევს დაჯარიმებას 300-დან 500- ლარამდე. ტყეში დაუდევრობით გამოწვეული ხანძრის შემთხვევაში, კანონი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან რვა წლამდე" - ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.


მოსახლეობას სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდა დაცული ტერიტორიების სააგენტომაც და მათ გარკვეული რეკომენდაციებიც გაუზიარა ტყეში კოცონის დანთების შემთხვევაში.


"ბუნებაში გასვლისას გამოიჩინეთ მაქსიმალური ყურადღება!

არ დაანთოთ კოცონი სპეციალურად გამოყოფილი ადგილების (საცეცხლურები) გარდა
ტერიტორიის დატოვებამდე დარწმუნდით, რომ ცეცხლი ჩამქრალია
არ გადააგდოთ სიგარეტის ნამწვი.
არ დააბინძუროთ ბუნება, განსაკუთრებით, თუნუქისა და მინის ქილებით.

საქართველოს ტერიტორიაზე ჰაერის ტემპერატურის მოსალოდნელი მომატება ბუნებაში, განსაკუთრებით, ტყეებში, ხანძრების გაჩენის ხელშემწყობ პირობას წარმოადგენს.

გახსოვდეთ, კლიმატის გლობალურმა ცვლილებამ ბუნებრივი კატასტროფების რისკი მნიშვნელოვნად გაზარდა. ამ ფონზე, ადამიანების დაუდევრობა კიდევ უფრო სავალალო შედეგების მომტანი ხდება.
გაუფრთხილდით გარემოს!"
- აღნიშნულია დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიმართვაში.




Print