ბიზნესი მდგრადობისთვის
რას აკეთებს სახელმწიფო და ბიზნესი მდგრადი განვითარების 17 მიზნის მისაღწევად
გაეროს მდგრადი განვითარების დღის წესრიგი 17 მიზნისგან შედგება, რომელიც 2015 წელს მიიღო გაეროს გენერალურმა ასამბლეამ. ქვეყნები შეთანხმდნენ რომ 15 წლის განმავლობაში მათ უნდა მიაღწიონ ისეთი მიზნებს, რომელიც ხელს შეუწყობს მსოფლიოს მდგრად განვითარებას სოციალურ, გარემოსდაცვით და ეკონომიკურ ჭრილში. 17 მიზანს აქვს 169 ქვემიზანი და 240 ინდიკატორი. ინდიკატორები ყველა ქვეყნისთვის განსხვავებულია. ამ 17 მიზნის შესასრულებლად ქვეყნებს (მათ შორის საქართველოს) ვალდებულება აქვს აღებული 2030 წლამდე.

თავდაპირველად, საქართველომ მოახდინა ამ მიზნების ნაციონალიზაცია, რაც გულისხმობს მიზნების შეფასებას თუ რომელი არის პრიორიტეტული ქვეყნისთვის. 17-ივე მიზანი პრიორიტეტულად გამოცხადდა. ეს მიზნებია:



გაეროს მდგრადი განვითარების 17 მიზანი




საქართველოში შეიქმნა მდგრადი განვითარების მიზნების საბჭო, რომელიც ზედამხედველობას უწევს, მიზნების შესრულებას სხვადასხვა უწყების მიერ. ასევე, არსებობს მდგრადი განვითარების მიზნების პორტალი, სადაც განთავსებულია ანგარიშები, მიმდინარე სიახლეების შესახებ ინფორმაციები, რა კეთდება, რა გეგმა არსებობს და ასე შემდეგ.

ეს მიზნები ეხება ყველას, როგორც სახელმწიფოს, ასევე ბიზნეს სექტორს, სამოქალაქო ორგანიზაციებს და საზოგადოების თითოეულ წევრს. თუმცა, ადგილობრივმა მოსახლეობამ ნაკლებად იცის რას გულისხმობს გაეროს განვითარების 17 მიზანი და რას ნიშნავს CSR ანუ ბიზნესის კორპორაციული პასუხისმგებლობა. ის რომ ამ თემის მიმართ ინფორმაციის ნაკლებობაა, ამაზე ჩვენი მცირე ექსპერიმენტიც მეტყველებს. ბორჯომის ქუჩებში შემთხვევითობის პრინციპით ადამიანებს ვკითხეთ, რა იციან ბიზნესის პასუხისმგებლობის შესახებ. გამოკითხულთა უმრავლესობა ინფორმირებული არ არის. საუბრობენ საკუთარ ვერსიებზე. 





„კორპორაციული პასუხისმგებლობის და მდგრადობის საფუძველია გამჭვირვალობა“, -აცხადებს CSRDG-ის კორპორაციული პასუხისმგებლობის პროგრამის ხელმძღვანელი ლელა ხოფერია და განმარტავს, რატომ არის მნიშვნელოვანი ბიზნეს კომპანია იყოს ანგარიშვალდებული ადგილობრივ მოსახლეობასთან.

„თუ კომპანია არის პასუხისმგებლიანი, მაშინ საკუთარი კომპანიის დადებით და უარყოფით საქმიანობაზე, ინიციატივებზე უნდა აქვეყნებდეს ყოველწლიურ ანგარიშს და ხელმისაწვდომი უნდა იყოს მოქალაქეებისთვის. ეს დღევანდელი დირექტივით ევროკავშირში უკვე სავალდებულო გახდა ყველა კომპანიისათვის. საქართველოს როგორც ევროინტეგრაციის გზაზე მყოფ ქვეყანას, საქართველოს კანონმდებლობა ჯერ-ჯერობით არ აკისრებს კომპანიებს ანგარიშგების ასეთ ვალდებულებას. ქართული კომპანიებისათვის ეს არის ნებაყოფლობითი“ - ლელა ხოფერია.



ლელა ხოფერია - CSRDG-ის კორპორაციული პასუხისმგებლობის პროგრამის ხელმძღვანელი





ას აკეთებს მსოფლიო, საერთო 17 მიზნის მისაღწევად


2023 წლის სექტემბერში, ნიუ იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის კვირეულის ფარგლებში, მსოფლიომ შეაჯამა მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების პროგრესი. ქვეყნებმა განიხილეს სად არიან 8 წლის შემდეგ. მიზნებისა და ინდიკატორების 15 % არის შესრულების შესაბამის ეტაპზე: ან წინ მიდის, ან უკვე შესრულდა, ან პროგრესი ისეთია, როგორიც იყო დაგეგმილი. მაგრამ, დანარჩენი 85% არის შესასრულებელი. შესაბამისად, მსოფლიო ნამდვილად არ არის სახარბიელო ეტაპზე და გაეროს გენერალურმა მდივანმა მოუწოდა ყველა ქვეყანას რომ გაეერთიანებინათ ძალები და ერთად ეზრუნათ მიზნების მისაღწევად.

გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს დირექტორი სალომე ზურაბიშვილი აღნიშნავს, რომ მსოფლიოს 15%-იან შედეგზე გავლენა იქონია ისეთმა ფაქტორებმაც, როგორიცაა: კოვიდპანდემია, კლიმატის ცვლილება, ომი. რომ არა ეს გარემოებები, შესაძლოა უკეთესი შედეგიც დამდგარიყო.





საქართველოს რეიტინგი


რაც შეეხება საქართველოს. გაერომ შეაფასა ყველა ქვეყნის რაიტინგი და გამოიკვეთა, რომ 166 ქვეყნიდან საქართველო არის 42-ე ადგილზე. ანგარიშის მიხედვით, 17 მიზნიდან ხუთზე შეიმჩნევა პროგრესი. ესენია: ხარისხიანი განათლება, სუფთა სასმელი წყალი, განახლებადი ენერგიები, სიღარიბის დაძლევა, კლიმატის ცვლილება. სალომე ზურაბიშვილის თქმით, ზოგიერთი მიზნის შესრულება არ არის მხოლოდ საქართველოს გამოწვევა, ეს არის მსოფლიოს გამოწვევა.

„მაგალითად, მე-13 მიზანი - კლიმატის ცვლილება რომ ავიღოთ, მხოლოდ საქართველოსთვის რთული იქნება შეამციროს ემისიების გაფრქვევა. ეს რა თქმა უნდა, ჩვენს ქვეყანაშიც უნდა მოხდეს, მაგრამ იმისათვის რომ მე-13 მიზანს მივაღწიოთ, ყველა ქვეყნის ძალისხმევაა საჭირო, რადგან როგორც ჩვენი ემისიები მოქმედებს სხვა ქვეყნებზე, ასევე სხვა ქვეყნებში გაფრქვეული ემისიები მოქმედებს ჩვენს ქვეყანაზე. ამიტომაც, მნიშვნელოვანი არის ქვეყნებს შორის თანამშრომლობა. კლიმატის ცვლილების კონფერენციის ფარგლებში, ყოველ წელს იკრიბებიან ქვეყნების წარმომადგენლები და მსჯელობენ თუ რა აქტივობების განხორციელება შეიძლება ერთობლივად, რა ინოვაციური ტექნოლოგიები შეიმუშაონ იმისათვის, რომ მაქსიმალურად შეძლონ ემისიების შემცირება, როგორც საწარმოო ისე სხვა პროცესებში. ზუსტად იგივე მიდგომაა საჭირო სხვა მიზნების შემთხვევაშიც“ - აცხადებს გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის დირექტორი სალომე ზურაბიშვილი.



მნიშვნელოვანია ისიც, რომ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია არის დაკავშირებული ამ მიზნების შესრულებასთან. ამაში კი როგორც ტექნიკურად, ასევე ფინანსურად, საქართველოს ეხმარებიან მხარდამჭერი მეგობარი სახელმწიფოები. მიზნების შესრულების ნაწილში ბიზნეს კომპანიებს გადამწყვეტი როლი ენიჭებათ. ასევე, აუცილებელია ბიზნეს კომპანიებისთვის ამ როლის და პასუხისმგებლობების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და მათთან მოკავშირეობა.

„საქართველოში მდგრადი განვითარების დღის წესრიგის შემუშავების დღიდან, ჩვენი ორგანიზაცია „გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი“ ცდილობს ბიზნეს სექტორის ცნობიერების ამაღლებას ამ 17 მიზნის მიმართულებით და ცდილობს დაანახოს კომპანიებს, რომელი მიზანი არის მათი საქმიანობისთვის რელევანტური და განსაზღვროს მისი სპეციფიური ინდიკატორები. გაერომ განახორციელა კვლევა რომლითაც გამოიკვეთა, რომ მდგრადი განვითარების დღის წესრიგი, ბიზნეს სექტორისთვის ბაზარზე აჩენს 13 ტრილიონის შესაძლებლობებს და თუ სწორად დანერგა ბიზნეს სექტორმა ეს სტანდარტი და გაითვალისიწინა თავისი საქმიანობა, ეს იქნება მისი ეკონომიკური ზრდის წინაპირობა. ზოგი კომპანია ერთვება ამ პროცესში, ზოგი არა. იმ კომპანიებს რომლებიც ხედავენ საკუთარ წილ პასუხისმგებლობას, ვხედავთ კიდეც პროგრესს სერვისების გაუმჯობესების ნაწილში, თუმცა ეს არის მცირედი ნაწილი და საჭიროა მეტი ჩართულობა. თუ კომპანია მხოლოდ კომუნიკაციების ნაწილში ხედავს სარგებელს, ეს იქნება ერთჯერადი აქტივობა და არ იქნება მდგრადი. დღეს ჩადებს ინვესტიციას ხარისხიან განათლებაში, ხვალ - სუფთა წყალზე ხელმისაწვდომობაში და საბოლოო ჯამში, შედეგის მომტანი არ იქნება ასეთი ერთეული აქტივობები“ - განმარტავს ზურაბიშვილი.


სალომე ზურაბიშვილი - გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის დირექტორი




ლელა ხოფერიას თქმით, „ძალიან ბევრი ინსტრუმენტი, სახელმძღვანელო, SDG კომპასი და დამხმარე საშუალებაა შემუშავებული, რომლებიც კომპანიებს ეხმარება განსაზღვრონ მათთვის რელევანტური მიზნები და გამოკვეთონ ის გზები, რომლის საშუალებითაც შეძლებენ საკუთარი საქმიანობით წვლილი შეიტანონ ამ მდგრადი განვითარების მიზნების შესრულებაში“.



როგორია საერთაშორისო პრაქტიკა


CSR ექსპერტების თქმით, საერთაშორისო დონეზე უფრო მეტად ინფორმირებულია ბიზნეს სექტორი. საერთაშორისო პრაქტიკა ქვეყნების მიხედვით განსხვავდება. მაგალითად, დასავლეთ ევროპის ქვეყნებში, ჩრდილოეთ ამერიკაში მეტად გათვითცნობიერებულები არიან კომპანიები. მსხვილ მულტინაციონალურ საწარმოებს აქვთ სტრატეგიებში, ბიზნეს გეგმებში გათვალისწინებული მდგრადი განვითარების მიზნები. მათ დანახული აქვთ ბიზნეს სარგებელი და ამ მიზნების შესრულებისთვის მოქმედებენ. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საერთაშორისო დონეზე კომპანიებმა მიდგომებიც კი შეცვალეს.

„მიხვდნენ რომ იმ მსხვილი კომპანიების ძალისხმევა, რომლებსაც კარგად აქვთ გაცნობიერებული და დანერგილი ეს სტანდარტები, საკმარისი არ არის. ამიტომ, ძირითადად მუშაობენ თავიანთი მიწოდების ჯაჭვზე, ანუ კონტრაქტორებთან იმისათვის, რომ მათაც გაითვალისწინონ ეს დღის წესრიგი და კორპორაციული მდგრადობის სტანდარტები. შესაბამისად, ეს არის ის მნიშვნელოვანი მიმართულება რაც ჩვენმა კომპანიებმაც უნდა აიღონ საკუთარ თავზე, განსაკუთრებით მსხვილმა კომპანიებმა უნდა დაიწყონ თავიანთი მიწოდების ჯაჭვზე მუშაობა და ეს მიდგომა რეგიონებზეც უნდა გავრცელდეს“ - სალომე ზურაბიშვილი.





რა იქნება შედეგად?


მდგრადი განვითარების ყველა მიზნის შესასრულებლად სახელმწიფოებს 6 წელი რჩებათ. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანამ ერთობლივად ამ 6 წელში უნდა შეძლოს იმ დარჩენილი 85%-ის გაუმჯობესება. ამ ფონზე, მოლოდინები და პროგნოზები არც თუ ისე საიმედოა. თუმცა, შედეგი რაც ამ მიზნების მიღწევით დაიდება როგორც საქართველოში, ასევე სხვა ქვეყნებში, გულისხმობს უკეთეს ცხოვრებას ადამიანებისათვის.

„ეს მიზნები თუ შესრულდება, აღარ უნდა იყოს სიღარიბე, შიმშილი, ყველას უნდა ჰქონდეს თანაბარი შესაძლებლობები, ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს ჯანდაცვა, ხარისხიანი განათლება, სუფთა ენერგია, სუფთა სასმელი წყალი და სანიტარიის პირობები ყველასთვის იქნება დამაკმაყოფილებელი, ყველა უნდა იყოს თანაბრად განვითარებული, ეკონომიკური ზრდა, ინკლუზიური და თანასწორი გარემო იქნება ხელმისაწვდომი, კლიმატის ცვლილება უნდა იყოს შეფერხებული და ა.შ.

არაჩვეულებრივი მიზნებია იმისათვის რაც კაცობრიობას სჭირდება ღირსეულად და თანაბრად განვითარებისთვის“
- ლელა ხოფერია.





სტატია მომზადდა საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) მხარდაჭერით, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა:დგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ტელეკომპანია "ბორჯომი" და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის (EU), კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) და საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) შეხედულებებს.


პროექტს “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად - საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).






ასევე გაეცანით:

რა ვიცით ბიზნესის კორპორაციულ სოციალურ პასუხისმგებლობაზე - ხალხის აზრი;

რას გულისხმობს ბიზნესის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა;

მელიორა 2024-ის კონკურსში 59 კომპანია მონაწილეობს


Print E-mail
FaceBook Twitter
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.