ახალი ამბები
ბაკურიანელი სპორტსმენის ნოდარ ქუმარიტაშვილის გარდაცვალებიდან 7 წელი გავიდა
ნოდარ ქუმარიტაშვილი 7 წლის წინ ვანკუვერში ტრაგიკულად დაიღუპა, ბორჯომელი სპორტსმენი ზამთრის ოლიმპიადისთვის ემზადებოდა.

2010 წლის 12 თებერვალს, ოლიმპიური თამაშების გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე, საქართველოს ოლიმპიური ნაკრების წევრმა, მოციგავე ნოდარ ქუმარიტაშვილმა უისტლერის ოლიმპიურ ტრასაზე ერთ-ერთი ბოლო სავარჯიშო დაშვების დროს მართვა დაკარგა და 143.3 კმ/სთ სიჩქარით მოძრავი ციგა ტრასის ბორტს შეეჯახა. ამის შედეგად იგი ციგიდან ამოვარდა და ტრასიდან მოშორებით, ლითონის კონსტრუქციას შეეჯახა. სასწრაფო დახმარების ვერტმფრენით ის მაშინვე საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. 21 წლის ქართველი სპორტსმენი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.


17 თებერვალს ნოდარ ქუმარიტაშვილის ცხედარი საქართველოში ჩამოასვენეს. თვითმფრინავი, რომლითაც სპორტსმენი გერმანიის ქალაქ მიუნჰენიდან გადმოასვენეს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 04.00 საათზე დაეშვა, 20 თებერვალს სპორტსმენი მის მშობლიურ ბაკურიანში, ეკლესიის ეზოში დაკრძალეს.

ბაკურიანში იმ ქუჩას, სადაც ნოდარ ქუმარიტაშვილი ცხოვრობდა, ქართველი ოლიმპიელის სახელი ეწოდა. გადაწყვეტილება ბორჯომის საკრებულომ მიიღო.

ნოდარ ქუმარიტაშვილი ზამთრის ოლიმპიადების ისტორიაში მეოთხე სპორტსმენია, რომელიც დაიღუპა.


http://borjomi.tv/gadacemebi/dris-qronikna/article/837-4-tseli-nodar-kumaritashvilis-gardatsvalebidan
Print