ახალი ამბები
საქართველოში მიწის ნაკვეთებისა და მათზე არსებული შენობა-ნაგებობების იდენტიფიკაცია მოხდება
მთავრობა საქართველოს რეგიონებსა და მუნიციპალიტეტებში მიწის ნაკვეთებისა და მათზე არსებული შენობა-ნაგებობების იდენტიფიკაციას მოახდენს. აღნიშნულთან დაკავშირებით გამოცხადებულ ტენდერში უკვე გამარჯვებულიც გამოვლინდა და ხელშეკრულებაც გაფორმდა.

კერძოდ, გამარჯვებულია სს „ინფოლენდ ჯორჯია - Infoland Georgia“.სატენდერო პირობებით გათვალისწინებულ სამუშაოებს კომპანია 51 249 ლარად შეასრულებს.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მომსახურების საგანს საქართველოს სხვადასხვა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში მიწის ნაკვეთებისა და მათზე არსებული შენობა-ნაგებობების იდენტიფიკაცია, ადგილმდებარეობის დაზუსტება და საკადასტრო აზომვითი ნახაზების მომზადება წარმოადგენს.

კერძოდ, როგორც კომპანიასთან გაფორმებულ ხელშეკრულებაშია აღნიშნული, დავალება მოიცავს მიწის ნაკვეთებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში (კახეთი, ქვემო და შიდა ქართლი, მცხეთა-მთიანეთი, რაჭა-ლეჩხუმი, იმერეთი, სამცხე-ჯავახეთი, სამეგრელო, გურია, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა) ჯამური ფართობით 1,500,000 კვ. მეტრი, ხოლო არსებულ შენობა-ნაგებობებს საორიენტაციოდ 15,000 კვ. მეტრი ფართობით და ხაზობრივ ნაგებობებს 50,000 გრძივი მეტრით. თუმცა, როგორც ხელშეკრულებაშია აღნიშნული, ეს მოცულობა არის საორიენტაციო, შესაბამისად, შემსყიდველს უფლება აქვს სრულ მოცულობაზე არ მოითხოვოს მომსახურების შესრულება.

რაც შეეხება, სამუშაოს შესრულების ვადას, მომსახურების მიწოდება ეტაპობრივად, ხელშეკრულების გაფორმებიდან 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად უნდა მოხდეს.
Print