ახალი ამბები
შესაძლოა, ეროვნული გამოცდების ნაცვლად ერთი კომბინირებული გამოცდა ჩატარდეს
2023-2024 წლიდან შესაძლოა, ეროვნული გამოცდების ნაცვლად ერთი კომბინირებული გამოცდა ჩატარდეს. ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ , ირინა აბულაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც აბულაძემ აღნიშნა, კომბინირებული გამოცდის გარდა უნივერსიტეტები აბიტურიენტებს სამოტივაციო წერილითა და პროექტებში მონაწილეობით შეაფასებენ.

„გრძელვადიან პერსპექტივაში ისევე, როგორც ბევრ დასავლურ ქვეყანაში, მას შემდეგ, რაც სკოლების სისტემა გვექნება იმგვარად უზრუნველყოფილი, რომ ვენდობით სკოლებს და მასში მიმდინარე პროცესებს, შემდეგ წავალთ იქეთკენ, რომ სკოლების აკადემიური მიღწევები განიხილებოდეს გრძელვადიან პერსპექტივაში.კერძოდ, რას აკეთებდა კონკრეტული მოსწავლე 12 წლის განმავლობაში როგორც საგანში, ასევე კლასგარეშე საქმიანობებში, რამდენად ლიდერული იყო, რამდენად აქტიური იყო. შესაძლებელია იყოს ერთი დიდი ცენტრალიზებული გამოცდა, რომელიც იქნება საგნის და უნარის კომბინაცია და ამის გარდა არსებობდეს სამოტივაციო წერილი, პროექტები, სხვადასხვა წყაროები, რის მიხედვითაც უნივერსიტეტი მას შეარჩევს. ეს არის შორეული პერსპექტივა. ჯერ არ ვიცით, იქნება თუ არა ეს ქართული ენისა და ლიტერატურის და უნარების კომბინირებული გამოცდა. თუ ჩვენ ამ ყველაფერზე შევთანხმდით, დავგეგმავთ და წინ წავალთ ისე, რომ 2023-2024 წელს შესაძლებელი გახდეს ამის დანერგვა"- განაცხადა აბულაძემ.
Print