საზოგადოება
გრიპის ვირუსთან დაკავშირებით, გადაუდებელი ამბულატორიული მკურნალობა უფასო იქნება
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით , გრიპის ვირუსთან დაკავშირებით გადაუდებელი ამბულატორიული მკურნალობა ყველა ადამიანისთვის უფასო იქნება.

"იქნება სიახლეები გადაუდებელ ამბულატორიულ მიღებაში, რომელიც მიზნობრივ ჯგუფებზე ფინანსდებოდა 100 პროცენტით, ხოლო ყველა სხვა დანარჩენზე მცირე თანაგადახდის არეალი რჩებოდა. მოქალაქეებს რომ გავუადვილოთ და ხელი შევუწყოთ, დროულად მიმართონ სამედიცინო დაწესებულებებს, ასევე მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება გადადგმული. გაზრდილი ავადობის პერიოდში სახელმწიფო იღებს თავის თავზე თანადაფინანსების გადახდასაც, რომელიც გადაუდებელი ამბულატორიის ნაწილშია. სიახლის განხორციელება დაიწყება ხვალიდან, თუმცა, დღესვე სამუშაო რეჟიმში გაგიზიარებთ კონკრეტულ სამოქმედო გეგმას და თქვენი ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება" - განაცხადა სერგეენკომ.

რაც შეეხება აფთიაქებში პირბადეების დეფიციტს: "საქართველოში ნამდვილად არ არის აფთიაქების დეფიციტი. 100 მეტრში შეიძლება 4 აფთიაქი იყოს. თუ ერთგან არ არის პირბადე, ყველას უმორჩილესად ვთხოვ, რომ იქნებ მეზობელ აფთიაქში შევიდეს და აუცილებლად შეიძენს. პირბადეების სისტემური დეფიციტი ნამდვილად არ არის. თუ ცალკეულ აფთიაქში არ დევს, იქვე გვერდზე იქნება მეორე აფთიაქი, სადაც აუცილებლად იქნება"- განაცხადა მინისტრმა.


Print