ახალი ამბები
დღეს საქართველოში „მშვიდობის კორპუსის“ 68 ახალი მოხალისე ჩამოვა
„მშვიდობის კორპუსის“ მოხალისეების მიღების ცერემონია თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაიმართება.მოხალისეებს აეროპორტში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ელიზაბეთ რუდი შეხვდებათ. „მშვიდობის კორპუსის“ მოხალისეები სოფლებში, მიუვალ დასახლებებში, იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლების ადგილებსა და ეთნიკური უმცირესობისა და სოციალურად დაუცველ თემებში მასპინძელ ოჯახებში ორი წელი იცხოვრებენ. მოხალისეთა ძირითადი საქმიანობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საჯარო სკოლებში ინგლისური ენის სწავლება იქნება. მოხალისეთა გარკვეული ნაწილი არასამთავრობო ორგანიზაციებში თემის განვითარების ხელშესაწყობად იმუშავებს. 2001 წელს პირველი ჯგუფის ჩამოსვლიდან საქართველოში უკვე 815-ზე მეტმა მოხალისემ იმსახურა. მათ თავიანთი უნარები ქართველ კოლეგებსა და თემებს, ხოლო ამერიკული კულტურა - საქართველოს მოქალაქეებს გაუზიარეს. თავის მხრივ კი, შინ დაბრუნების შემდგომ ქართული კულტურის შესახებ ცნობები ამერიკაში ჩაიტანეს“- აცხადებენ საელჩოში.

მათივე განცხადებით, მსოფლიოში მშვიდობისა და მეგობრობის ხელშესაწყობად, „მშვიდობის კორპუსი“ პრეზიდენტმა ჯონ კენედიმ 1961 წელს დააარსა. „მშვიდობის კორპუსი“ ამერიკის მთავრობის სააგენტოა, რომელიც საქართველოში მთავრობის მოწვევის საფუძველზე იმყოფება. „მშვიდობის კორპუსის“ მთავარი პარტნიორი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროა.
Print