ახალი ამბები
გიორგი მარგველაშვილი - დღეს საქართველოს უაღრესად სჭირდება აშშ-ის მხარდაჭერა
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ვაშინგტონში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, სენატში გამართულ შეხვედრებზე საქართველოს უსაფრთხოების საკითხებზე მტკიცე მხარდაჭერის კონსოლიდაციისა და ნატოს მომავალი სამიტისთვის მზადების საკითხები განიხილა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, სენატორებთან, რობერტ მენენდესთან, ბობ კორკერთან და ჯინ შაჰინთან შეხვედრებისას გიორგი მარგველაშვილმა დეტალურად ისაუბრა რეგიონში უსაფრთხოების თვალსაზრისით შექმნილ ვითარებაზე და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია უსაფრთხოების სფეროში შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის თანამშრომლობისა და სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერება, რათა კიდევ უფრო ხელშესახები გახდეს, ამ თანამშრომლობის შედეგები.

"დღეს საქართველოს უაღრესად სჭირდება შეერთებული შტატების მხარდაჭერა არსებული უსაფრთხოების გამოწვევების ფონზე და ნატო-ს სამიტისთვის მოსამზადებელ პერიოდში ქვეყნის წინაშე მდგარი საფრთხეების ნეიტრალიზაციისთვის" - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა შეხვედრისას.
მან მადლობა გადაუხადა სენატორებს იმ ძლიერი მხარდაჭერისთვის, რასაც აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ გამოხატავენ.

"გვაქვს ამბიცია, რომ გავხდეთ ნატო-ს წევრები. ვამბობთ, რომ ვიმსახურებთ ნატო-ს წევრობას და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ეს საქართველოსათვის რეალობად იქცეს" - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს ალიანში გაწევრიანების გზაზე საქართველოს წინსვლა შეჩერებულია დიდწილად გაყინული კონფლიქტების გამო, რომელიც საქართველოს რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტულ რეგიონებთან, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან აქვს - რეგიონებთან, რომლებმაც დამოუკიდებლობა გამოაცხადეს. რუსეთის აგრესიულ ქმედებებთან მიმართებაში საუბრისას გიორგი მარგველაშვილმა არჩილ ტატუნაშვილის დაღუპვის საკითხი დააყენა და აღნიშნა, რომ საქართველო ვერასოდეს შეეგუება ოკუპაციას.

სენატორებმა აღნიშნეს, რომ საქართველო შეერთებული შტატების და ალიანსის განსაკუთრებული პარტნიორია რეგიონში და მნიშვნელოვანია მისი როლი საერთაშორისო მისიებში მონაწილეობის თვალსაზრისით.

Print