ახალი ამბები
112-ში ახალი პროგრამული უზრუნველყოფა დაინერგება
შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ და თბილისის მერმა კახა კალაძემ ახალი პროექტი წარადგინეს, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრში ,საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებისთვის პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვას გულისხმობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული პროგრამის საშუალებით, თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრთან კოორდინაციით, 112-ში შემოსული შეტყობინებისთანავე, ოპერატორი შეძლებს ელექტრონული კომუნიკაციის გზით, მყისიერად გადასცეს საჭირო დეტალური ინფორმაცია თბილისის სასწრაფო დახმარების ბრიგადებსა და პატრულ-ინსპექტორებს.

საპატრულო პოლიციასთან და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებთან 112-ის შიდა საკომუნიკაციო პროგრამული უზრუნველყოფის უპირატესობებს შორის დასახელდა: ინფორმაციის გადაცემის სისწრაფე; შემდგომი კომუნიკაციის დროის შემცირება; ინფორმაციის სიზუსტე; დამატებითი ინფორმაციის უმოკლეს დროში ასახვის შესაძლებლობა; უკუკავშირის დახვეწილი მექანიზმი; შედეგის ფორმის ელექტრონულად შევსების საშუალება; გამარტივებული დისპეჩერიზაცია; პროგრამულად კონტროლირებადი სრული პროცესი - ბრიგადის გაგზავნიდან შედეგის დაფიქსირებამდე.

მიმდინარე წლიდან პროგრამა სრულად ჩაიწერება საპატრულო ეკიპაჟების და თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადების პორტატიულ კომპიუტერებში.

ელექტრონულ სისტემაზე სრულად გადასვლამდე, პროგრამა საპილოტე რეჟიმში უკვე მოქმედებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონის საპატრულო პოლიციის დანაყოფებსა და თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებში. 112-ის ოპერატორებს, პატრულ-ინსპექტორებსა და სასწრაფო სამედიცინო სამსახურის თანამშრომლებს შესაბამისი ტრენინგები უკვე ჩაუტარდათ.

შსს-ის ინფორმაციით, ელექტრონულ სისტემაზე გადასვლას მინიმუმამდე დაჰყავს როგორც ვერბალური კომუნიკაცია, ისე ცდომილების ალბათობა, რაც საგრძნობლად აუმჯობესებს მომსახურების ხარისხს და რეაგირების ოპერატიულობას, რომელიც ამ პროცესში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და რიგ შემთხვევაში, გადამწყვეტი ფაქტორია.

"დღეს ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი დღე. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ ბევრ რეფორმას ვატარებთ როგორც პოლიციაში, ასევე ქალაქში და ერთ-ერთი წინგადადგმული ნაბიჯი გვინდა წარმოგიდგინოთ დღეს - ეს არის პრეზენტაცია პროგრამული უზრუნველყოფის, რომელიც უფრო დახვეწილ, ღირსეულ და ხარისხიან სერვისს მიაწვდის თითოეულ ჩვენ მოქალაქეს. ეს სერვისი გახლავთ ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი, რამეთუ ის მარტივად და ეფექტურად აკავშირებს 112-ის სერვისს, საპატრულო პოლიციას, თბილისის სასწრაფო დახმარების ცენტრს. ეს გახლავთ ძალიან მნიშვნელოვანი სერვისი, რამეთუ თითოეულ ჩვენს მოქალაქესთან უნდა ვიყოთ ეფექტურად და ძალზე სწრაფად ახლოს განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მას სჭირდება დახმარება. ჩვენ სულ რამდენიმე დღის წინ გავმართეთ 112-ის ახალი აპლიკაციის პრეზენტაცია, რომელიც ასევე მიმართულია იქითკენ, რომ ჩვენი პოლიცია იყოს ძალიან ახლოს მოქალაქესთან და დღეს კიდევ ერთ ნაბიჯს ვდგამთ წინ" - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ.
"დღეს მართლაც მნიშვნელოვანი დღეა, რადგან ჩვენ წარმოვადგენთ პროგრამას, რომელიც შევიმუშავეთ თბილისის მერიისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივი ძალისხმევით. ჩვენ დაგეგმილი გვაქვს ბევრი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება დედაქალაქში - ეს არის ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორება, ინფრასტრუქტურული პროექტები, ძველი თბილისის რეაბილიტაცია. ერთ-ერთი მთავარი მიმართულება კი არის მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესება.რა თქმა უნდა, ეს არ არის ბოლო და ჩვენ ვაპირებთ სხვა ბევრი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას, ვაპირებთ, სამედიცინო დახმარების ცენტრისთვის ახალი ავტომობილების შემოყვანას, ვაპირებთ მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელებას თანამშრომლებისთვის. წელს, დეკრეტული შვებულება იქნება ანაზღაურებადი, რაც არის მისასალმებელი" - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.
Print