სკოლაში მანდატურად მხოლოდ უმაღლესი განათლების მქონე პირი დაინიშნება
შინაგან საქმეთა და განათლების სამინისტროების მიერ მომზადებული კანონპროექტით, მანდატურად შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ უმაღლესი განათლების მქონე, 21 წელს ზემოთ ასაკის პირი. ცვლილებების თანახმად, იცვლება მანდატურის პროფესიული მომზადების წესი, რომელიც თეორიულ მომზადებასთან ერთად პრაქტიკულ კომპონენტსაც გაითვალისწინებს.

"თუ დღეს მოქმედი კანონმდებლობით მანდატური შეიძლება გახდეს ზოგადი განათლების მქონე პირი, ცვლილების შემდეგ მანდატურად დაინიშნება მხოლოდ უმაღლესი განათლების მქონე პირი; მანდატურის სამსახურში მიღების ასაკი აიწევს 21 წლამდე; იცვლება მანდატურის პროფესიული მომზადების წესი, რომელიც თეორიულ მომზადებასთან ერთად პრაქტიკულ კომპონენტსაც გაითვალისწინებს. გაიზრდება მოსამზადებელი კურსის ხანგრძლივობა. კურსს შესაბამისი ექსპერტები გაუძღვებიან, რაც სწავლების მაღალ ხარისხს და მანდატურთა პროფესიულ ზრდას უზრუნველყოფს. ახალი კურსის შესაბამისად გადამზადებას მოქმედი მანდატურები ეტაპობრივად გაივლიან" - აღნიშნულია კანონპროექტში.

როგორც შსს-ში აცხადებენ, კანონპროექტი მიზნად ისახავს მანდატურის სამსახურის ეფექტიანობის გაზრდას და უწყებებს შორის მჭიდრო კომუნიკაციის გზით, როგორც სკოლის, ისე მიმდებარე ტერიტორიაზე მოზარდთა შორის დანაშაულის პრევენციას.

კანონპროექტი პარლამენტს უახლოეს მომავალში წარედგინება.

Print