ახალი ამბები
გიორგი კვირიკაშვილი - გუნდის თითოეულ წევრს, რომელსაც ცვლილებები შეეხო, დიდ მადლობას ვუხდი გაწეული საქმიანობისათვის
ამის შესახებ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა,
სადაც მთავრობაში სტრუქტურულ და საკადრო ცვლილებებზე ისაუბრა.

პრემიერ–მინისტრის განცხადებით, ყველა განხორციელებული რეფორმა ემსახურება და ემსახურებოდა მოსახლეობის კეთილდღეობის უზრუნველყოფას და სწრაფ განვითარებას.

"რაც შეეხება სტრუქტურული და საკადრო ცვლილებების არსს, რატომ არის ეს უაღრესად მნიშვნელოვანი? ჩვენი ყველა საარჩევნო დაპირება და რეფორმა ემსახურებოდა და ემსახურება ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობის უზრუნველყოფას და სწრაფ განვითარებას. ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, ჩვენ განვახორციელეთ არაერთი მნიშვნელოვანი სისტემური ცვლილება.

შსს-ს, პროკურატურის, სასამართლოს, სისხლის სამართლის კოდექსის რეფორმების მთავარი ორიენტირი ყოველთვის იყო და არის ადამიანი. სწორედ ამიტომ, ყველა ამ ცვლილებამ შედეგად გამოიღო ადამიანთა უფლებების მიმართულებით მიღწეული უდიდესი პროგრესი, რაც აღიარებულია ყველა საერთაშორისო შეფასებაში.

ჩვენ ასევე ძირეულად შევცვალეთ და ადამიანზე ორიენტირებული გავხადეთ: ჯანდაცვა, სოფლის მეურნეობა, ეკონომიკის მიმართულებით განხორციელებული მრავალი სახელმწიფო პროგრამა, რომელიც რიგით ადამიანებს ახალ შესაძლებლობებს აძლევს.

ამავე დროს, ჩვენი ხელწერაა, რომ ცვლილებები მაქსიმალურად უმტკივნეულოდ, არა რადიკალურად, არამედ ევოლუციურად განვახორციელოთ" – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა.

მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ დაგეგმილი ცვლილებები მოემსახურება მეტ პროგრესს, თანამედროვე სახელმწიფოსა და კიდევ უფრო მოქნილი სახელმწიფო აპარატის ჩამოყალიბებას.

"ჩვენს ქვეყანაში, ჩვენი ხელისუფლების პირობებში ჩატარებული მორიგი დემოკრატიული არჩევნები, ამომრჩევლის მიერ გამოცხადებული უდიდესი ნდობა გვანიჭებს მანდატს შეუქცევადად განვაგრძოთ ჩვენს მიერ აღებული კურსი. მეტიც, გამოვაცხადოთ ცვლილებების ახალი ტალღა, რომელიც კიდევ უფრო უკეთ პასუხობს არსებულ გამოწვევებს და მოემსახურება ჩვენს უმთავრეს მიზანს - ჩვენი მოსახლეობის, ჩვენი თითოეული მოქალაქის კეთილდღეობის უზრუნველყოფას და ქვეყნის სწრაფ განვითარებას. ამისთვის ვგეგმავთ მთელი რიგი სტრუქტურულ ფუნქციური ცვლილებების განხორციელებას, რომელზეც ჩვენი გუნდი აქტიურად მუშაობდა. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ დაგეგმილი ცვლილებები მოემსახურება მეტ პროგრესს, თანამედროვე სახელმწიფოსა და კიდევ უფრო მოქნილი სახელმწიფო აპარატის ჩამოყალიბებას, რაც თავისთავად ადმინისტრაციული დანახარჯების მაქსიმალურ შემცირებას შეუწყობს ხელს" - განაცხადა კვირიკაშვილმა.

Print