ახალი ამბები
ხანძრის ძლიერი კერა რჩება წაღვერისა და ტიმოთესუბნის ქედზე
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ბორჯომის ხეობაში ცეცხლის გავრცელების არეალი გაცილებით არის შემცირებული ,თუმცა რჩება ძლიერი კერა წაღვერისა და ტიმოთესუბნის ქედზე. მისი თქმით, მთელი ავიაციის რესურსი სწორედ ამ კერაზეა მობილიზებული.
"ცეცხლის გავრცელების არეალი გაცილებით არის შემცირებული. რჩება რამდენიმე კერა, განსაკუთრებულად კი წაღვერისა და ტიმოთესუბნის ქედზე გავრცელებული ცეცხლი. ამ წუთას მთელი ავიაციის რესურსის მობილიზება ხდება ზუსტად ამ კერაზე, რათა საღამოსთვის ცეცხლი შევამციროთ მაქსიმალურად. ქარია, ამიტომ ჩვენ მოგვიწევს კიდევ ძალიან ინტენსიური მუშაობა იმისთვის, რომ ეს კერაც დავძლიოთ.ჩვენ ერთობლივი ძალებით სტიქიას აუცილებლად დავამარცხებთ. შტაბი აგრძელებს 24 საათის განმავლობაში მუშაობას. ჩვენ კიდევ ბევრი გვაქვს სამუშაო იმისთვის, რომ ცეცხლი ბოლომდე ჩავაქროთ. სანამ ცეცხლი ბოლომდე არ ჩაქრება, შტაბი დღე-ღამის განმავლობაში გააგრძელებს მუშაობას" - განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, აუცილებლად აღნიშვნის ღირსია სტიქიასთან მებრძოლების წვლილი.
"აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ამ სტიქიასთან ბრძოლაში რამდენიმე დღის მანძილზე 24-საათიან რეჟიმში იშრომეს ჩვენმა სატყეო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, შსს-საგანგებო სიტუაციათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა. ასევე უნდა ითქვას, რომ ადგილობრივმა მაცხოვრებელმა უდიდესი სოლიდარობა გამოხატეს სტიქიასთან ბრძოლაში. ჩვენმა მეგობრებმა გაგვიწიეს მნიშვნელოვანი დახმარება, განსაკუთრებით მინდა გამოვყო აზერბაიჯანი, თურქეთი, ბელორუსი, სომხეთი. ყოველ წუთს მოდის შემოთავაზება სხვა ჩვენი მეგობარი სახელმწიფოებისგან"- აღნიშნა პრემიერმა.
Print