საზოგადოება
NDI-ს კვლევა - ლორა თორნტონი
ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და მისი პარტნიორი ორგანიზაცია CRRC საქართველოს მიერ წარმოდგენილი საზოგადოებრივი აზრის უახლესი კვლევა აჩვენებს მოსახლეობის დამოკიდებულებას ქვეყნის უმნიშვნელოვანეს კანონთან - კონსტიტუციასთან დაკავშირებული ცვლილებების მიმართ. მოქალაქეთა მხოლოდ 32 პროცენტს სმენია საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ; იმ ადამიანთა უმრავლესობა (59 პროცენტი), ვისაც სმენია ამის შესახებ, აცხადებს, რომ არ აქვს საკმარისი ინფორმაცია ამ ცვლილებებზე. გამოკითხვის თანახმად, მოქალაქეთა მხოლოდ 2 პროცენტი დაესწრო საკონსტიტუციო ცვლილებების საჯარო განხილვებს. ამას გარდა, იმ მოქალაქეებიდან, ვისაც სმენია ამ პროცესის შესახებ, მხოლოდ 6 პროცენტი ამბობს, რომ ცვლილებები სრულად ასახავს მოსახლეობის შეხედულებებს; 47 პროცენტის აზრით - ნაწილობრივ ასახავს, 32 პროცენტის თქმით კი - საერთოდ არ ასახავს.
„ქვეყნის უმნიშვნელოვანეს კანონთან დაკავშირებული ცვლილებების შესახებ მოქალაქეთა ასეთი დაბალი ინფორმირებულობიდან გამომდინარე ცხადი ხდება, რომ ეს პროცესი მეტ დროს, განხილვებსა და კვლევას მოითხოვს,“ - აღნიშნა NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორმა ლორა თორნტონმა, - „სასურველია, რომ პარლამენტი დაუბრუნდეს განხილვების მაგიდას და შექმნას ინკლუზიური გარემო, სადაც უზრუნველყოფილი იქნება ფართო სამოქალაქო ჩართულობა.“
მოსახლეობის ნახევარს (52 პროცენტი) სმენია იმ საკანონმდებლო ცვლილების შესახებ, რომლის თანახმადაც შვიდ ქალაქს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი ჩამოერთმევა; 44 პროცენტს არ სმენია ამ ინიციატივის შესახებ. მოქალაქეთა უმრავლესობისთვის (59 პროცენტი) მიუღებელია ქალაქისა და თემის მუნიციპალიტეტების გაერთიანება, რის შედეგადაც მათ ერთი უწყება უხელმძღვანელებს. მხოლოდ 16 პროცენტი უჭერს მხარს ამ სიახლეს. ამას გარდა, მოსახლეობის ნახევარს (45 პროცენტი) მიაჩნია, რომ ამ ცვლილებებს ნეგატიური გავლენა ექნება საქართველოზე, 11 პროცენტს კი სჯერა, რომ გავლენა პოზიტიური იქნება.
„კვლევა ცხადყოფს, რომ სამოქალაქო საზოგადოებასთან, ოპოზიციურ პარტიებთან და პრეზიდენტთან ერთად, ადგილობრივი თვითმმართველობის კანონმდებლობაში ცვლილებებს მოქალაქეებიც აკრიტიკებენ.
მოსახლეობის ძალიან მცირე ნაწილი აფასებს ამ ცვლილებებს პოზიტიურად,“ - განაცხადა ლორა თორნტონმა, - „კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს, რომ სასურველი იქნება, პარლამენტმა გააგრძელოს ამ მნიშვნელოვანი ცვლილებების გარშემო დებატები და განხილვები, რათა არაპოპულარული ცვლილებების წინასაარჩევნო პერიოდში ნაჩქარევად მიღება თავიდან აიცილოს.“
მოსახლეობის ნახევარი ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობას საშუალოდ აფასებს. ცენტრალური მთავრობის საქმიანობას დადებითად აფასებს 10 პროცენტი, ხოლო ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობას - 16 პროცენტი. უმრავლესობა ფიქრობს, რომ ადგილობრივ ხელისუფლებაში პროფესიონალიზმის ნაკლებობაა, მოსახლეობის დიდი ნაწილი ასევე მიიჩნევს, რომ ადგილობრივ თვითმმართველობას კორუფციისა და ნეპოტიზმის პრობლემები აქვს. ნეგატიური დამოკიდებულება კიდევ უფრო მეტად არის გამოხატული თბილისში. მოსახლეობის ძალიან მცირე ნაწილი ამბობს, რომ შეხება ჰქონია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან, თუმცა მათგან, ვისაც კომუნიკაცია ჰქონია, უმრავლესობა აცხადებს, რომ ადგილობრივ ხელისუფლებაში მომუშავე ხალხი იყო კომპეტენტური და პატივისცემით მოექცნენ.
მოქალაქეებმა ყველაზე მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხებად დაასახელეს სამუშაო ადგილები, სიღარიბე, ტერიტორიული მთლიანობა, ფასების ზრდა/ინფლაცია და ჯანდაცვა; ყველაზე მნიშვნელოვან ადგილობრივ საკითხებად დასახელდა გზები, გარემოს დაბინძურება, წყალმომარაგება, გაზმომარაგება და საგზაო მოძრაობა. თბილისში გარემოს დაბინძურება ადგილობრივი მნიშვნელობის ყველაზე დიდი პრობლემაა.
„მოსახლეობა ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების საქმიანობას საშუალოდ აფასებს. ნეგატიური შეფასებები ჭარბობს თბილისში, სადაც მოსახლეობის უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ადგილობრივ თვითმმართველობაში არსებობს არაპროფესიონალიზმი, ნეპოტიზმისა და კორუფციის პრობლემები,“ - აღნიშნა თორნტონმა, - “ეს მონაცემები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ. კანდიდატებმა მოსახლეობას პრობლემების მოგვარების კონკრეტული გზები უნდა შესთავაზონ, პარტიებმა კი თავიანთი კანდიდატები დიდი დაკვირვებით შეარჩიონ.“
NDI იკვლევს საზოგადოებრივ აზრს, რათა დაეხმაროს დაინტერესებულ მხარეებს, გაიგონ და გადაჭრან მოქალაქეებისთვის პრობლემატური საკითხები ზუსტ, მიუკერძოებელ და სტატისტიკურად სწორ მონაცემებზე დაყრდნობით. კვლევის მიზანია, ხელი შეუწყოს ისეთი პოლიტიკისა და მმართველობის ჩამოყალიბებას, რომელიც უფრო მეტად იქნება მორგებული მოსახლეობის საჭიროებებზე. პოლიტიკოსები მიიჩნევენ, რომ კვლევებიდან მიღებული ინფორმაცია ეხმარება მათ საქმიანობას და გამოთქვამენ სურვილს, კვლავაც გაგრძელდეს მსგავსი გამოკითხვები.
აღნიშნული გამოკითხვა 2017 წლის 18 ივნისი-9 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,261 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2,2 პროცენტი.
NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო.
Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.