ახალი ამბები
ბორჯომში სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონულ სისტემაში დანერგილ ცვლილებებზე ისაუბრეს
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს წარმომადგენლები საჯარო შესყიდვებით დაინტერესებულ მცირე და საშუალო ბიზნესის, ადგილობრივი შემსყიდველი ორგანიზაციებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ. ღონისძიება ევროკავშირის თანადაფინანსებით მიმდინარე პროექტის „მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და DCFTA საქართველოში“ მხარდაჭერით გაიმართა, რომელსაც გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) ახორციელებს.

„შეხვედრა მიზნად ისახავდა დამსწრე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას სახელმწიფო შესყიდვების სფეროში ბოლო პერიოდში განხორციელებული მთელი რიგი მნიშვნელოვანი რეფორმების შესახებ. კერძოდ, მომზადდა და საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ იქნა ორი ახალი კანონი, რომლებმაც საგრძნობლად შეცვალეს საჯარო სახსრებით განსახორციელებელი შესყიდვების გარემო. შეცვლილია მრავალი რეგულაცია, მიღებულია ახალი წესები და შემუშავებულია რეკომენდაციები, გამოცემულია უამრავი ახალი მეთოდურ-პრაქტიკული მითითება. მსოფლიოში ერთ-ერთ მოწინავე ქართულ სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონულ სისტემაში (eProcurement) დაინერგა ახალი შესყიდვის პროცედურები და ინოვაციური ელექტრონული სერვისები“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ინფორმაციით, სააგენტოს პასუხისმგებელმა პირებმა დამსწრე საზოგადოებას გააცნეს ზემოხსენებული მიმართულებებით მიღწეული შედეგები, დაგეგმილი რეფორმები, ახალი საკანონმდებლო ნორმები და სააგენტოს მიერ შემოთავაზებული სერვისები.
შეხვედრის ფორმატი ითვალისწინებდა კითხვა-პასუხის ნაწილს, რომლის დროსაც სააგენტოს წარმომადგენლებმა უპასუხეს დამსწრეთა მხრიდან დასმულ შეკითხვებს. სულ შეხვედრაში 20-მდე მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენელი იღებდა მონაწილობას.

მათივე ინფორმაციით, სააგენტოსა და პროექტს „მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და DCFTA საქართველოში“ შორის თანამშრომლობის ფარგლებში კიდევ ორი მსგავსი შეხვედრის ჩატარება არის დაგეგმილი საქართველოს რეგიონებში.

პროექტი „მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და DCFTA საქართველოში“ მეწარმეებს კონკურენტუნარიანობის გაზრდასა და ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო სივრცის პირობებში ჩამოყალიბებულ ახალ მარეგულირებელ გარემოსთან ადაპტირებაში ეხმარება. პროექტი ევროკავშირის EU4Business ინიციატივის ფარგლებში ხორციელდება. აღნიშნული ინიციატივის მიზანია დაეხმაროს მცირე და საშუალო მეწარმეებს ისარგებლონ საქართველოსა და ევროკავშირს შორის თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით, კერძოდ, ის ხელს უწყობს ბიზნესგარემოს გაუმჯობესებას, მეწარმეების ცოდნისა და უნარების ამაღლებას და ფინანსებთან ხელმისაწვდომობას. EU4Business ინიციატივის შესახებ დამატებითი ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია ვებგვერდზე: www.eu4business.eu
Print