ახალი ამბები
შსს-ს მომსახურების სააგენტომ და იუსტიციის სახლმა ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმეს
ხელშეკრულების ფარგლებში, 2017 წლის განმავლობაში, იუსტიციის სახლის ფილიალებში ეტაპობრივად დაინერგება შსს-ს მომსახურების სააგენტოს შემდეგი სერვისები: განმეორებითი მართვის მოწმობის აღდგენა, სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობის აღდგენა, სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის აღება, იარაღის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის აღება, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა-გადმოკვეთის შესახებ ცნობის აღება და სხვა.
ნასამართლობის შესახებ ცნობის აღება მოქალაქეებს, შსს-ს მომსახურების სააგენტოს 14 ტერიტორიული ერთეულის გარდა, იუსტიციის სახლის 19 ფილიალში უკვე მიმდინარე წლის 3 მაისიდან შეეძლებათ.
მომხმარებელმა იუსტიციის სახლში ნასამართლობის ცნობის მისაღებად მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა წარადგინოს, ცნობა კი განაცხადის შევსებიდან ხუთ სამუშაო დღეში უფასოდ გაიცემა. ნასამართლობის შესახებ ცნობის დაჩქარებული წესით აღების საფასური 1 სამუშაო დღეში - 25 ლარია, ხოლო 3 სამუშაო დღეში - 15 ლარი.
შსს-ს მომსახურების სააგენტოს მიერ აღნიშნული სერვისების გაფართოება იუსტიციის სახლის ფილიალებში მომხმარებელთათვის მეტი კომფორტისა და სახელმწიფო სერვისებზე უკეთ წვდომის მიზნით განხორციელდა.
Print