საზოგადოება
ID ბარათის აღების უფასო აქციით 35 000-მდე ადამიანმა ისარგებლა
ნებისმიერ მოქალაქეს, რომელსაც 18 წელი უკვე შეუსრულდა და არ ფლობს პირადობის ახალ მოწმობას, უფასო აქციით სარგებლობა 29 აპრილამდე შეუძლია. აქციის მიზანი საარჩევნო სიის დახვეწაა. სახელმწიფო სერვისების სააგენტოში მიაჩნიათ, რომ რაც უფრო ბევრი მოქალაქე ფლობს ბიომეტრიულ პასპორტს, მით უფრო დაცულია პრინციპი „ერთი ამომრჩეველი - ერთი ხმა.“ ახალ პირადობის მოწმობებზე მოთხოვნა მაღალია განსაკუთრებით დიდ ქალაქებში -თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში.
იმ მოქალაქეებისთვის, კი რომლებიც საერთოდ არ ფლობენ პირადობის დამადასტურებელ რაიმე დოკუმენტს, ID ბარათის უფასოდ აღების აქცია 31 ოქტომბრამდე გაგრძელდება.
გარდა ახალ პირადობებზე გაზრდილი მოთხოვნისა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მოიმატა ბიომეტრიული პასპორტების გაცემამაც. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემებით, 2016 წლის იანვრიდან 1 აპრილამდე პერიოდში 38 418 ბიომეტრიული პასპორტი გაიცა, 2017 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 83 042. მთლიანობაში ბიომეტრიულ პასპორტს საქართველოს 1 მილიონამდე მოქალაქე ფლობს. ამასთან აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო გადაადგილება მხოლოდ ბიომეტრიული პასპორტით არის შესაძლებელი. უწყებაში მიაჩნიათ, რომ სწორედ ეს არის დოკუმენტზე გაზრდილი მოთხოვნის მიზეზი.
ბოლო 4 წლის განმავლობაში იუსტიციის სამინისტროს მიერ ახალი პირადობის მოწმობების უფასიდ გაცემის აქციის ფარგლებში 1 მლნ. 200 ათასზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა.


Print