საზოგადოება
თანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს სათხილამურო ფედერაციასა და კომპანია „ბორჯომს“ შორის
მემორანდუმის თანახმად მსოფლიოში სახელგანთმული მინერალური წყლის ბრენდი „ბორჯომი“ საქართველოს სათხილამურო ფედერაციას სამი წლის მანძილზე გაუწევს პარტნიორობას.

თანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს სათხილამურო ფედერაციასა და კომპანია „ბორჯომს“ შორის დღეს, სასტუმრო ,,რედისონში“ გაფორმდა, სადაც საქართველოს სათხილამურო ფედერაციის ხელმძღვანელმა ზურაბ კოსტავამ სეზონის შემაჯამებელი პრესკონფერენცია გამართა.

ღონისძიებას სათხილამურო ფედერაციის და კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს ხელმძღვანელებთან ერთად, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი და მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელი დაესწრნენ.

პრეს-კონფერენციის ფარგლებში საქართველოს სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტმა განვლილი სეზონი შეაჯამა. აღსანიშნავია, რომ 2017 წლის საქართველოს თასის გათამაშება საქართველოს სათხილამურო ფედერაციამ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, გენერალურ სპონსორის ,,სილქნეტის“, კომპანია ,,ბორჯომისა“ და მთის კურორტების განვითარების კომპანიის მხარდაჭერით ოთხ ეტაპად მესტიაში, ბაკურიანში, გოდერძის უღელტეხილსა და გუდაურში გამართა.

საქართველოს სამთო-მოთხილამურეთა ნაკრების წევრებმა საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით ჩატარებულ შეჯიბრებებსა და სანტ-მორიცის მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზეს, რის გამოც საქართველოს თასის გათამაშების ეტაპებში რეგულარული მონაწილეობა ვერ მიიღეს. წლევანდელი წლის საქართველოს თასის მფლობელები გუდაურის, თბილისის წმ. გიორგის სახელობის სკოლის, ბაკურიანის, მესტიისა და აჭარის სპორტ-სკოლის სპორტსმენები გახდნენ.
Print