ახალი ამბები
ნატო-ში 2016 წელს საქართველოში განხორციელებული რეფორმები შეაფასეს

ნატო-ს წევრმა ქვეყნებმა ხაზი გაუსვეს შავი ზღვის უსაფრთხოებაზე საქართველოსთან მიმდინარე დიალოგის მნიშვნელობას და გამოთქვეს მზაობა აღნიშნულ საკითხზე თანამშრომლობის
გაღრმავებისთვის.



17 იანვარს, ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ვიქტორ დოლიძის, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის დავით დონდუასა და სახელმწიფო მინისტრის მოადგილის მარიამ რაქვიაშვილის მონაწილეობით ნატოს წევრი ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლების დონეზე ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართა, სადაც 2016 წლის, რიგით მერვე წლიური ეროვნული პროგრამის (ANP) შესრულებაზე იმსჯელეს.

ამასთან, მოკავშირეებმა აღნიშნეს საქართველოს მიერ დემოკრატიული რეფორმების განხორციელების კუთხით მიღწეული მნიშვნელოვანი წარმატებები, რაც ხელს უწყობს ქვეყანას ნატო-ში გაწევრებს მიზნის მიღწევაში. მათ კიდევ ერთხელ დაადასტურეს საკუთარი ერთგულება ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების მიმართ. ამას გარდა, ალიანსის წევრებმა გამოხატეს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერა და მადლობა გადაუხადეს საქართველოს ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში შეტანილი თვალსაჩინო წვლილისთვის-ნატოს მისიებსა და ოპერაციებში აქტიური ჩართულობისთვის.

ნატო-საქართველოს კომისიის სხდომამდე სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ ორმხრივი შეხვედრა გამართა ნატო-ს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობა და ალიანსთან თანამშრომლობის სამომავლო გეგმები განიხილეს. ვიქტორ დოლიძემ მადლობა გადაუხადა იენს სტოლტენბერგს საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მტკიცე მხარდაჭერითვის. შეხვედრის მონაწილეების მიერ აღინიშნა, რომ ინტეგრაციის პროცესი უაღრესად დინამიურად ვითარდება და წარმატებით გაგრძელდება 2017 წელსაც, რასაც ხელს შეუწყობს წლის მანძილზე დაგეგმილი მთელი რიგი მნიშვნელოვანი ღონისძიებები.

 

Print