ახალი ამბები
ბაკურიანში სამძებრო სამუშაოები დილიდან განახლდა
"ბაკურიანში, ზვავში მოყოლილი კაცის სამძებრო სამუშაოები დილის 7 საათიდან განახლდა. ძებნა ამ დრომდე გრძელდება. პროცესში ჩართულია ცოცხალი ძალა. ვერტმფრენის საშუალებით კი ხდება ჯგუფის ერთი ადგილიდან მეორე ადგილამდე გადაყვანა" - აცხადებს ტელეკომპანია "ბორჯომთან" საუბრისას მერის წარმომადგენელი ბაკურიანში ქეთევან ლონდარიძე.

სამძებრო ოპერაციაში განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს მაშველები და სამაშველო დრონები მონაწილეობდნენ. შსს-ს ინფორმაციით სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა შემთხვევის ადგილზე თბილისიდან დამატებით გადაიყვანა მაშველთა ჯგუფი.

შეგახსენებთ შემთხვევა გუშინ, 28 მარტს დღის პირველ ნახევარში მოხდა. ბაკურიანიდან ასპინძისკენ მიმავალ გზასთან, სოფლების - ოთას და ოშორას - მიმდებარედ , ექვსი ადამიანი იმყოფებოდა ბურანით. მათ ახლოს მდებარე მთაზე ისრიალეს, ერთ-ერთი მათგანი კი თოვლის მასის ჩამოშლის შემდეგ ზვავის ქვეშ მოჰყვა.
Print