ახალი ამბები
„მობილური იუსტიციის სახლმა“ პირველი სერვისი სოფელ ტაძრისის მოსახლეობას მიაწოდა
„მობილური იუსტიციის სახლის“ გეოგრაფიული არეალი გაიზარდა.
დღეიდან ის სამცხე-ჯავახეთის ხუთ სოფელსა და მათ შემოგარენში მდებარე სოფლების 10 000-მდე მომხმარებელს 470-ზე მეტ სერვისს მიაწვდის.

ახალმა ავტომანქანამ პირველი სერვისი ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელს ტაძრისის მოსახლეებს მიაწოდა.

სულ მალე „მობილური იუსტიციის სახლი“ ქვემო ქართლის მოსახლეობისთვისაც გახდება ხელმისაწვდომი. წლის ბოლომდე „მობილური იუსტიციის სახლის“ 20 ავტომანქანა საქართველოს ყველა რეგიონს დაფარავს.

„მობილური იუსტიციის სახლი“ იუსტიციის სამინისტროს ინოვაციური პროექტია, რომელიც სახელმწიფო და კერძო სექტორის 470-ზე მეტ სერვისს სთავაზობს იმ ათეულობით სოფლის მცხოვრებთ, სადაც იუსტიციის სახლები არ ფუნქციონირებს.

იუსტიციის მინისტრის მოადგილე ერეკლე ღვინიანიძე, იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ლაშა ლობჯანიძესთან ერთად, სამცხე-ჯავახეთში, რიგით მერვე რეგიონში, მობილური იუსტიციის სახლიდან სერვისების გაცემის პროცესს პირადად დააკვირდა. ერეკლე ღვინიანიძე მოქალაქეებს „მობილური იუსტიციის სახლის“ პროექტსა და სერვისებზე ხელმისაწვდომობაზეც ესაუბრა.


პროექტი 2021 წლის სექტემბერში ამოქმედდა და დღეისათვის კახეთის, შიდა ქართლის, სამეგრელოს, გურიის, აჭარის, იმერეთის, მცხეთა-მთიანეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებს მოიცავს.

Print