ახალი ამბები
ეროვნული გამოცდები შესაძლოა ონლაინ რეჟიმში ჩატარდეს
შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი, მაია მიმინოშვილი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ერთიანი ეროვნული გამოცდების უსაფრთხოდ ჩატარებისთვის რამდენიმე ვარიანტს სთავაზობს. როგორც მიმინოშვილმა განაცხადა შესაძლებელია, ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩასატარებლად გაიზარდოს საგამოცდო ცენტრების რაოდენობა, შემცირდეს სესიაში მონაწილე აბიტურიენტთა რიცხვი და ასევე გამოცდები ონლაინ რეჟიმშიც ჩატარდეს.

„ბუნებრივია, გამოცდებთან დაკავშირებითაც შეიძლება გარკვეული გზების გამონახვა. მოგატყუებთ, რომ 24 საათის განმავლობაში ამაზე ვფიქრობდი, როგორ შეიძლება გამოცდები ჩატარდეს, თუმცა, ერთ-ერთ ვარიანტს შევთავაზებდი განათლების სამინისტროს. პირველი, რაც უნდა გაკეთდეს, არის საგამოცდო ცენტრების გაზრდა. ამას რა თქმა უნდა, ძალიან სერიოზული მუშაობა სჭირდება. საგამოცდო ცენტრების გაზრდა ისე, რომ აბიტურიენტს არ დასჭირდეს დისტანციების გავლა, რომ გამოცდა ჩააბაროს. მეორე - სრულიად შესაძლებელია სესიების რაოდენობა გაიზარდოს. აქამდე 9 საათზე იწყებოდა და მხოლოდ 2 სესია გვქონდა, ანუ საგამოცდო ცენტრში გარკვეული რაოდენობა დავუშვათ აბიტურიენტების და კონვეიერული წესით შევიყვანოთ აბიტურიენტები შემდეგ სესიაზე. პირობითად ვამბობ, 20 აბიტურიენტი 9 საათზე, კიდევ 20 აბიტურიენტი და ა.შ. როცა დაასრულებენ, სხვა გასასვლელიდან გავლენ და ერთმანეთთან აბიტურიენტებს შეხება არ ექნებათ. სათქმელად ადვილია, მაგრამ ამას ძალიან სერიოზული მუშაობა სჭირდება, თუმცა პრობლემა დაძლევადია“ - განაცხადა მიმინოშვილმა.

მისივე თქმით, ასევე ე.წ. ონლაინ რეჟიმშიც შეიძლება ერთ-ერთი ვარიანტის განხილვაც.

„რაც შეეხება უცხო ქვეყნის გამოცდილებას, მე არ მსმენია ცენტრალიზებული საგამოცდო სისტემა, რომელიც ე.წ. ონლაინ რეჟიმში ტარდება მთელი ქვეყნის მასშტაბით. თუმცა, ყველაფერი პირველად იქმნება და რატომაც არ უნდა ჰქონდეს ამბიცია საქართველოს, რომ მსგავსი საგამოცდო სისტემა შეიქმნას. მით უმეტეს, გვაქვს მცირე შერჩევაზე, მაგრამ მსგავსი პროექტი - „კონკურსი მათემატიკურ და ალგორითმულ აზროვნებაში.მთავარი და მნიშვნელოვანია, რომ ლოჯისტიკური ნაწილი ისე ავაწყოთ, რეკომენდაციები მაქსიმალურად გავითვალისწინოთ, სისტემა შევინარჩუნოთ, მაგრამ ისე გავაკეთოთ, რომ ერთ შენობაში ბევრი ადამიანი არ იყოს.ახლა საგამოცდო ცენტრში დაახლოებით, 1500 ადამიანი იყრის თავს, აბიტურიენტებით, მეთვალყურეების, მომსახურე პერსონალით. 1500 ადამიანის ერთ შენობაში შეყრა შეუძლებელი იქნება ივლისში და ვერც აგვისტოში გავრისკავთ ამას“ - განაცხადა მიმინოშვილმა.
Print