ახალი ამბები
კერძო კლინიკებში კორონავირუსზე ტესტის ჩატარების საფასური 150 ლარი იქნება
სახელმწიფომ კერძო კლინიკებში PCR ტესტის ჩატარების საფასური განსაზღვრა. როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, PCR ტექნოლოგიით კორონავირუსის ტესტის ღირებულება, სინჯის აღების გარეშე, 150 ლარი იქნება. იმ შემთხვევაში კი, თუ ტესტს კერძო კლინიკას სახელმწიფო მისცემს, მაშინ ეს ფასი 100 ლარით შემცირდება. ამის შესახებ შესაბამისი ცვლილება მთავრობის დადგენილებაში ოფიციალურად, სავარაუდოდ, ხვალ აისახება.
„სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ტესტი და სახელმწიფო კლინიკებში, რა თქმა უნდა, არაფერი არ ღირს მოსახლეობისთვის, ის სრულიად უფასოა. რასაც ვატარებთ ანაზღაურებს სრულად სახელმწიფო.დღეს სწორედ გაიგზავნა მთავრობაში სამინისტროს მიერ ახალი დადგენილება ანუ ცვლილება დადგენილებაში, სადაც განისაზღვრა სწორედ ტარიფი. რამდენადაც მე ვიცი, ეს ტარიფი არის 150 ლარის ფარგლებში, მაგრამ სინჯის აღების გარეშე, მხოლოდ ლაბორატორიული კვლევა. ოღონდ თუ ტესტს კერძო კლინიკას მისცემს სახელმწიფო, მას გამოაკლდება 100 ლარი. 50 ლარი კი იქნება მომსახურებისთვის, ხელფასის ანაზღაურებისთვის და ა.შ. ეს არის ტრიფი, რომელსაც ადგენს სახელმწიფო და იმედი მაქვს ეს ხვალ ოფიციალურად იქნება დადგენილი"
- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, დღეს ტესტირებაში უკვე 11 ლაბორატორია მონაწილეობს. აქედან 4 არის სახელმწიფო ლაბორატორია, მათგან სამი კი სამი დაავადებათა კონტროლის ცენტრს ეკუთვნის.
Print