ახალი ამბები
ხაშურში ინფიცირებულთან შემხებლობაში მყოფ პირებს იკვლევენ
ხაშურის მუნიციპალიტეტში, სადაც ახალი კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევა დადასტურდა, ინფიცირებულთან შემხებლობაში მყოფი ყველა პირის კვლევა მიმდინარეობს. ინფიცირებულთან პირდაპირ კონტაქტში მყოფი პირები კი საკარანტინო ზონაში გადაიყვანეს. შიდა ქართლის გუბერნატორის ინფორმაციით, დამატებით აღებულია რამდენიმე ნიმუში და ამ ნიმუშების შედეგების შესაბამისად მოხდება შემდგომი გადაწყვეტილებების მიღება.

,,ხაშურის მუნიციპალიტეტში ერთ ადამიანს დაუდგინდა კორონავირუსი, აღნიშნული პირი დილის საათებშივე იქნა გადაყვანილი თბილისში შესაბამისი მკურნალობისთვის. ადგილზე, ეპიდემიოლოგებისა და სხვა შესაბამისი სამსახურების მიერ ჩატარდა დეტალური კვლევა და ყველა იმ პირის გამოკითხვა, ვისაც მასთანაც შემხებლობა ჰქონდა. ინფიცირებულთან პირდაპირ კონტაქტში მყოფი ყველა პირი გადაყვანილია კარანტინში და აღებულია ნიმუშები, რომელთა პასუხებიც სავარაუდოდ, გვიან ღამით გახდება ცნობილი და ამ შედეგების შესაბამისად მივიღებთ შემდგომ გადაწყვეტილებებს“ - აღნიშნა გიგი ხოჯევანიშვილმა.

ხაშურის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდა ქალს Covid 19-ით ინფიცირება დღეს დაუდასტურდა. აღნიშნული პირი თბილისის მცხოვრებია და ხაშურის მუნიციპალიტეტში, გომის თემში მდებარე აგარაკზე ოჯახის წევრებთან ერთად იმყოფებოდა.
Print