ახალი ამბები
ქვეყნის მასშტაბით კარანტინისთვის 6 568 ოთახია მობილიზებული
ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით,  კარანტინში 4682 ადამიანი იმყოფება და ისინი მთელი საქართველოს მასშტაბით 86 სასტუმროში არიან განთავსებულები. როგორც მან უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, მთავრობას კარანტინის პროგრამისთვის გამზადებული და მობილიზებული 6 568 სასტუმრო ოთახი აქვს.

„ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ყოველთვის გვაქვს გარკვეული რეზერვი მზადყოფნაში, თუკი გაუარესდა ეპიდსიტუაცია და ჩვენ, როგორც მედიკოსები ვარაუდობენ, ველოდებით მომავალში პიკს. ამ ღონისძიებებში ჩართულია მხოლოდ სასტუმროების პერსონალიდან 2600-მდე ადამიანი. რომ არაფერი ვთქვათ, ათობით და ასობით ექიმზე, პოლიციელებზე, ვინც იცავს კარანტინებს, მძღოლებზე და ჩვენს თანამშრომლებზე, რომლებიც 24- საათიან რეჟიმში არიან ამ კარანტინების მომსახურების პროცესში ჩართული. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეს პროცესი იყოს კომფორტული იმ ადამიანებისთვის, ვისაც უწევს დღეს კარანტინში ყოფნა და რა თქმა უნდა, ეფექტური სამედიცინო ღონისძიებების გატარების თვალსაზრისით" - განაცხადა ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, სახელმწიფო ამ პროცესს წარმატებით მართავს, თუმცა, ეს არ იძლევა თვითკმაყოფილების საფუძველს.

„ამით კი არ ვამაყობთ, ეს ჩვენი მოვალეობაა თითოეული ჩვენგანის, ექიმის, პოლიციელის, მაგრამ მე ამას იმიტომ ვამბობ, რომ ამ ადამიანებს მინდა მადლობა გადავუხადო. ეს ადამიანები, ვინც დღეს კარანტინებს ემსახურებიან, აკეთებენ მაქსიმუმს, რათა ეს ყველაფერი იყოს ეფექტურად, კომფორტულად ორგანიზებული. აკეთებენ თავისთვის არადამახასიათებელ ფუნქციებს და ძალიან სწრაფად გადაეწყვნენ და დატრენინგდნენ. რა თქმა უნდა, უხარვეზო პროცესი არ არსებობს. მზად ვართ შევიტყოთ ამ ხარვეზების შესახებ, შევისწავლოთ, გამოვასწოროთ, მაგრამ მთლიანობაში ძალიან დასაფასებელია თითოეული ამ ადამიანის შრომა" - განაცხადა ნათია თურნავამ.
Print