ახალი ამბები
პირველადი ჯანდაცვის პერსონალის გადამზადება იწყება
ჯანდაცვის სამინისტროს დეპარტამენტის პროგრამების სამმართველოს უფროსის, ეკა ადამიას განცხადებით, სახელმწიფოს სამედიცინო პერსონალს აღჭურვილობის სტრატეგიული მარაგი გააჩნია. ასევე სახელმწიფოს შესყიდული აქვს საკმარისი რაოდენობის სასუნთქი აპარატებიც. „თავისუფალი სუნთქვის დაახლოებით 530 აპარატია მობილიზებული, თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, ქვეყანაში 2000-მდე სასუნთქი აპარატის რესურსია და რა თქმა უნდა, ეს გამოყენებული იქნება.
როგორც ეკა ადამია აცხადებს, იმ კლინიკებში, რომლებიც ამ შემთხვევების მართვაში არიან ჩართულნი, სამედიცინო პერსონალი სრულად გადამზადებულია. მისივე თქმით, მომდევნო კვირიდან დაიწყება ასევე, პირველადი ჯანდაცვის პერსონალის გადამზადებაც.

„6 კლინიკაში არიან ვირუსით ინფიცირებული პაციენტები და შემიძლია დავადასტურო, რომ ამ კლინიკებში გავლილი აქვთ ტრენინგები. ამ დროისთვის ზუსტი რიცხვი არ მაქვს, მაგრამ ეს არის პროცესი, არ ვჩერდებით და მუდმივ რეჟიმში მიდის ეს ტრენინგები.

გვაქვს რამდენიმე მიმართულების მზადება. ეს არის ინფექციის კონტროლის ღონისძიებები, პირადი დაცვის საშუალებების სწორად ჩაცმა-გახდის წესების სწავლება, ჩვენს გეგმაში გაწერილია არა მხოლოდ ტრენინგები, არამედ მონიტორინგიც. თუ რამდენად სწორად ასრულებენ ისინი ჩაცმა-გახდის ამ წესებს. ჩვენ ასევე, წინა კვირას მივიღეთ covid დადასტურებული შემთხვევის კლინიკური მართვის პროტოკოლი და მომდევნო კვირიდან დაგეგმილია ამ მიმართულებით ტრენინგების დაწყებაც. ასევე, ვგეგმავთ პირველადი ჯანდაცვის ტრენინგსაც, რადგან პირველადი ჯანდაცვის სამედიცინო პერსონალიც მობილიზებული უნდა იყოს ამ პროცესისთვის. მნიშვნელოვანია პაციენტმა პირველ რიგში გაიაროს სატელეფონო კონსულტაცია და არ იყოს პირადად მიმართვა, მათ უნდა დარეკონ 112-ზე და ისინი გადამისამართდებიან ოჯახის ექიმებთან. ქვეყნის მასშტაბით 4 კლინიკაა ამაში ჩართული, მაგრამ ახლა ამ ქსელის გაფართოების პროცესში ვართ და პაციენტებს ექნებათ კონსულტაციების მიღების შესაძლებლობა. შესაძლებელი იქნება ასევე მათი რეიდენტიფიცირება - საქმე გვაქვს მძიმე თუ მსუბუქ შემთხვევასთან. ეს განტვირთავს სტაციონარს და არც პაციენტს დააყენებს რისკის ქვეშ, რომლებიც ცხელების შემთვევაში გარბიან ინფექციურ საავადმყოფოში და იქ დაავადების მეტი რისკი აქვთ, რეალურად კი უმეტეს მათგანს არ უფიქსირდება კოვიდი. პირველადი ჯანდაცვის პროტოკოლიც დასრულების ეტაპზეა უკვე და სავარაუდოდ, დღედღეზე გვექნება. იქით კვირიდან უკვე დაიწყება პირველადი ჯანდაცვის პერსონალის გადამზადებაც, რათა მათ იცოდნენ, თუ როგორ მოიქცნენ, თუ მათ ტერიტორიაზე ასეთი პაციენტი მოხვდა“ - განაცხადა ეკა ადამიამ.
Print