ახალი ამბები
შს მინისტრი - კრიმინალთან ბრძოლაში არც ერთ მიღწევას ფასი არ ექნება, თუ ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტი შენარჩუნებული არ იქნება
კარგად გვესმის, რომ არც ერთ ჩვენს მიღწევას კრიმინალთან ბრძოლაში არ ექნება ფასი, თუ ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტი არ იქნება შენარჩუნებული - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის პრეზენტაციაზე განაცხადა.

შს მინისტრმა ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის მიზნებსა და ქვეყანაში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დეპარტამენტის შექმნა არის პირველი ნაბიჯი აღნიშნული პრობლემების მოსაგვარებლად.

"ჩვენ გვესმის, რომ დღევანდელ პირობებში ადამიანის უფლებების დაცვის გარეშე, რაც არ უნდა გავაკეთოთ კრიმინალთან ბრძოლაში ან შინაგან საქმეთა სამინისტროს ფორმირებაში, ამას ყველაფერს ფასი არ ექნება. ეს უბრალოდ არ გამოჩნდება. ამიტომ იყო მიღებული გადაწყვეტილება, პირველი ნაბიჯი სისტემის რეფორმირების დაგვეწყო სწორედ ამ დეპარტამენტის შექმნიდან. დეპარტამენტს აქვს კონკრეტული მიზნები და ამოცანები. მოგეხსენებათ, რომ სამწუხაროდ ჩვენთან, ქვეყანაში, ჯერ კიდევ გამოწვევად რჩება ქალთა მიმართ ძალადობა, ოჯახში ძალადობა, არასრულწლოვნების მიმართ ან მათ მიერ ჩადენილი დანაშაული და ყველა სახის დისკრიმინაციულ საფუძველზე ჩადენილი დანაშაული. რა თქმა უნდა, აქ არის გარკვეული კულტურული პრობლემები, როდესაც დაზარალებულს უჭირს საგამოძიებო ორგანოებთან და სამართალდამცავებთან თანამშრომლობა და განსაკუთრებით დიდ მნიშვნელობას ამ ჭრილში იძენს სამართალდამცავების კომპეტენცია, მათი ცოდნა და გამოძიების ხარისხი.
სწორედ ამ ამოცანების გადასაჭრელად არის შექმნილი ეს დეპარტამენტი, სწორედ ეს იქნება მისი ძირითადი გამოწვევა. სწორედ ამ მსგავსი პრობლემების გადასაწყვეტად იქმნება ეს დეპარტამენტი" - განაცხადა გიორგი გახარიამ.



Print