სამართალი
ახალციხეში რესტორან "ედემთან" დათვი უკანონო ტყვეობაში ჰყავდათ
ახალციხეში, რესტორან "ედემის" მიმდებარედ ტყვეობაში მყოფ დათვთან დაკავშირებით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მყისიერი რეაგირება მოახდინეს - პირის მიმართ, რომელსაც დათვი უკანონო ტყვეობაში ჰყავდა, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი შედგა.
შეტყობინება დატყვევებულ დათვთან დაკავშირებით, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე 22 ივლისს შემოვიდა. ინფორმაცია, რეაგირების მოხდენის მიზნით, მაშინვე გადაეცა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ სამმართველოს. ადგილზე მისულმა დეპარტამენტის თანამშრომლებმა სიტუაცია შეისწავლეს და ყველა სამართლებრივი ნორმის დაცვით, პირის მიმართ, რომელსაც ცხოველი უკანონო ტყვეობაში ჰყავდა, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი შეადგინეს.
დეპარტამენტის თანამშრომლების ზედამხედველობითა და უშუალო მონაწილეობით, გუშინ, 24 ივლისს, დათვი, დროებით, სასამართლოს გადაწყვეტილებამდე, ცხვარიჭამიაში არსებულ, თამაზ ელიზბარაშვილის ცხოველთა თავშესაფარს გადაეცა. აღნიშნული ორგანიზაციის წარმომადგენლებთან, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებს, შეტყობინების შემოსვლის მომენტიდან, მუდმივი კომუნიკაცია ჰქონდათ. გავრცელებული ინფორმაციის პასუხად, განვმარტავთ, რომ დათვის მათთვის გადაცემისა და ტრანსპორტირების პროცესში, დეპარტამენტის წარმომადგენლების მხრიდან, რაიმე ტიპის შეფერხებას ადგილი არ ჰქონია.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოსახლეობას, არ წამოიყვანონ ველურ ბუნებაში ნაპოვნი დათვის ბელები. ადამიანებს მიჩვეული დათვების უკან, ველურ ბუნებაში დაბრუნება, რთული პროცესია - ტყვეობაში მყოფ ცხოველს ეკარგება საკვების მოპოვების ინსტინქტი, ადამიანის შიში და ბუნებაში გაშვების შემთხვევაში, პოტენციური თავდამსხმელი ხდება.
Print