ახალი ამბები
რას ითვალისწინებს ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი
საკანონმდებლო პაკეტი, რომლის მიზანს ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია წარმოადგენს, პარლამენტში ინიცირებულია. ნარკოტიკების მოხმარებისთვის მსჯავრდებული პირები, პარლამენტის მიერ ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებული პაკეტის მიღების შემთხვევაში, შესაძლოა, პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდნენ.
ცვლილებების ინიცირება, რომლის ავტორიც "საქართველო ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმაა", დეპუტატებმა: აკაკი ზოიძემ, ლევან კობერიძემ, დიმიტრი ცქიტიშვილმა, ირინე ფრუიძემ და სოფიო ქაცარავამ განახორციელეს. პარლამენტს განსახილველად წარედგინა "სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ" სრულად ახალი კანონი, ასევე რვა სხვადასხვა კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი.
"კანონმდებლობით დგინდება მცირე ოდენობები შენახვის და მოხმარების მიზნით, ასევე, დიდი ოდენობები იმ 143 პრეპარატზე, რომელიც აქამდე დადგენილი არ იყო და თუნდაც უმცირესი რაოდენობით ამ პრეპარატების აღმოჩენა იწვევდა ადამიანების წლობით ციხეში გაშვებას. შესაბამისად, ეს ცვლილება ასევე შეეხება ადამიანებს, ვინც იმ მიზეზის გამო, რომ მათ აღმოუჩინეს უმცირესი რაოდენობით ნარკოტიკული ნივთიერება ან ნარკოტიკული ნივთიერების კვალი და დღეს ბრძანდებიან ციხეში. ასეთი ადამიანები გათავისუფლდებიან სასამართლოს მეშვეობით, რადგან ეს ახალი გარემოება იქნება" - განაცხადა პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ .

Print