ახალი ამბები
საქართველოში რუსი ბაიკერები ვერ შემოვლენ
ლარსის სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან რუსი ბაიკერები უკან გააბრუნეს.ინფორმაცია, ამის შესახებ რუსული საინფორმაციო სააგენტოებითა და სოციალური ქსელებით ვრცელდება. ერთ-ერთი ბაიკერი სახელით ,,ნამდვილი მოტოციკლისტი" სოციალურ ქსელში წერს : "ქართველმა მესაზღვრეებმა 50 -მდე ბაიკერი უკან გააბრუნეს, თუმცა ტურისტებს მოტოციკლის გარეშე საზღვრის გადაკვეთა უპრობლემოდ შეუძლიათ", თავად ბაიკერები ვარაუდობენ, რომ აღნიშნული შეზღუდვა მაისში სადღესაწაულო დღეების დასრულებამდე იმოქმედებს და ამას კლუბ ,,ღამის მგლების" ლიდერის ალექსანდრე ზალდასტანოვის მეტსახელად (ქირურგის) წინააღმდეგ დასავლეთის ქვეყნების მიერ დაწესებულ სანქციებს უკავშირებენ.
შეგახსენებთ, რომ გასულ წელს მოტოგარბენის (გამარჯვების გზა ბერლინზე) წევრები ევროპულმა ქვეყნებმა თავის ტერიტორიაზე არ შეუშვეს.
აღნიშნული ფაქტის შესახებ, მცირე კომენტარი გააკეთა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა. მისი თქმით, რუს ბაიკერებს საზღვარზე შემოსვლისას უარი საქართველოს კანონის შესაბამისად ეთქვათ.
"არის კანონი, რომელიც არეგულირებს საქართველოში უცხოელთა შემოსვლას, გასვლას და მათ ყოფნას, სწორედ ამ კანონის საფუძველზე მოხდა იმ გადაწყვეტილების მიღება, რაც მოხდა. მესაზღვრეს აქვს დისკრეცია, რომ გამოკითხოს ვინაობა, მგზავრობის მიზანი და სხვა ინფორმაცია და ამის შესაბამისად მიიღოს გადაწყვეტილება," - განაცხადა შალვა ხუციშვილმა.


Print