ახალი ამბები
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა პენიტენციალურ სისტემაში დაგეგმილ ცვლილებებს მხარი დაუჭირა
საკანონმდებლო ცვლილებების მიზანია პენიტენციურ სისტემაში ადამიანის უფლებების და სარეჟიმო პირობების დაცვის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა დეპუტატებს დეტალურად გააცნო ყველა ის სიახლე, რასაც "პატიმრობის კოდექსში" ცვლილებების შესახებ და მისგან გამომდინარე 19 კანონპროექტი ითვალისწინებს. მან სისტემის მდგრადობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ახალი, გაწერილი რეგულაციები სწორედ ამას უზრუნველყოფს.

მინისტრის განმარტებით, საკანონმდებლო ცვლილებები ითვალისწინებს: სასჯელის მოხდის პერიოდში დაბალი რისკის მსჯავრდებულთათვის უმაღლესი განათლების მიღების უფლების მინიჭებას; ახალი - გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების შექმნას; დისციპლინური პატიმრობის ვადების შემცირებას; არასაპატიმრო სასჯელის სახის - შინაპატიმრობის დანერგვას სრულწლოვანი მსჯავრდებულებისთვის და ელექტრონული მონიტორინგის საშუალებებით, მისი ეფექტური აღსრულების მექანიზმების უზრუნველყოფას; მსჯავრდებულის ავადმყოფობის გამო სასჯელის მოხდისგან გათავისუფლების; სასჯელის აღსრულების გადავადების; ასევე, მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების, უვადოდ თავისუფლებააღვეთილი პირისთვის თავისუფლების აღკვეთის სხვა სახის სასჯელით შეცვლის და სხვა საკითხებში ცვლილებებს. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეა გათვალისწინებული ბავშვებთან ერთად დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებული დედებისთვის. მათ საშუალება ექნებათ სამი წლის ასაკის მიღწევის გამო ბავშვის პენიტენციური დაწესებულებიდან გაყვანის შემდეგ, ერთი წლის განმავლობაში, შაბათ-კვირას დატოვონ დაწესებულება და ეს დრო შვილთან ერთად გაატარონ. ეს ხელს შეუწყობს ბავშვის გარემოსთან ადაპტაციას და ამ პროცესის თანმდევი სტრესის შემცირებას. ექსპერტების რეკომენდაციების შესაბამისად, 3 წლის ასაკის შემდეგ პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნა ბავშვის ფსიქიკურ მდგომარეობაზე უარყოფითად მოქმედებს და ამიტომ, მისი გაყვანა აუცილებელია.

დეპუტატებმა წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი ცალსახად დადებითად შეაფასეს და საკუთარი რეკომენდაციებიც წარადგინეს. მინისტრმა მათ შეკითხვებს უპასუხა, რეკომენდაციების განხილვისთვის მზადყოფნა გამოთქვა და ასევე, დეპუტატებს სასჯელის მოხდის პირობების უკეთ გაცნობის მიზნით, პენიტენციურ დაწესებულებებში ვიზიტი შესთავაზა.

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ხელმძღვანელის სოფიო კილაძის შეფასებით, წარდგენილი უმნიშვნელოვანესი ცვლილებები კიდევ უფრო გააჯანსაღებს პენიტენციურ სისტემაში უკვე მიღწეულ მაღალ სტანდარტს. მისი თქმით, 2012 წლამდე არსებული ვითარების გათვალისწინებით, წარმოუდგენელი იყო ასე მოკლე დროში პენიტენციური სისტემის მსგავსი პროგრესი. მან ხაზი გაუსვა ამ ცვლილებებში სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის კახა კახიშვილის როლს და მადლობა გადაუხადა უწყების თანამშრომლებს, რომლებმაც კანონპროექტზე იმუშავეს.

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილ საქართველოს კანონის პროექტს "პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" და მისგან გამომდინარე 19 კანონპროექტს მხარი დაუჭირა.




Print