სამართალი
სამცხე-ჯავახეთში მოქალაქეებმა ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ჩააბარეს
შსს-ს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტში რეგიონის შვიდმა მაცხოვრებელმა დიდი ოდენობით სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ნებაყოფლობით ჩააბარა.
სულ ჩაბარებულია: 9 გადაჭრილი სანადირო თოფი ე.წ. აბრეზი, 4 521 საბრძოლო ვაზნა, 93 ხელყუმბარა, 33 ტანკსაწინააღმდეგო ჭურვი, 22 შეკვრა ასაფეთქებელი ნივთიერება ტროტილი, 4 ნაღმი, 2 ტანკსაწინააღმდეგო ხელყუმბარა, 13 დეტონატორი, ავტომატურის ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 6 მჭიდი და 9 საკვამლე კოჭა.
ექსპერტიზის დასკვნით, აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ვარგისია სროლისთვის.
აღნიშნული პირები, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან თავისუფლდებიან.


Print