სამართალი
დაკავებულ უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს პატიმრობა შეეფარდა
თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანისა და ასაფეთქებელი მოწყობილობების და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის საქმეზე, სუს-ის მიერ დაკავებულ უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ბრალდების მხარის განცხადებით, სასამართლომ სრულიად გაიზიარა მათი პოზიცია, რომ არსებობდა ყველაზე უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის შეფარდების საფუძველი.

„სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია, რომ არსებობდა ორივე ბრალდებულის მიმართ ყველაზე უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის გამოყენების საფუძველი. კერძოდ, არსებობდა მათი მხრიდან მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენის და გამოძიებისთვის ხელის შეშლის საფრთხე. რაც შეეხება ფაქტობრივ გარემოებებს, გამოძიება მიმდინარეობს რამდენიმე მიმართულებით, მათ შორის საქართველოში მიგრანტების უკანონოდ შემოყვანასთან და მათთვის შესაბამისი პირობების შექმნასთან დაკავშირებით, ასევე ასაფეთქებელი მოწყობილობების და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა საქმის პროკურორმა
Print