ახალი ამბები
ბორჯომში საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენებას აპირებენ
ბორჯომის თვითმმართველობაში კრიზისი გრძელდება, დეპუტატები ახლა უკვე საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის გადადგომას ითხოვენ.
დღეს ბორჯომის საკრებულოს აპარატში განცხადება შევიდა, 15 დეპუტატის ხელმოწერით, ისინი საკრებულოს თავმჯდომარის, ზაზა ჩაჩანიძის გადაგომას ითხოვენ.დეპუტატები აღნიშნული საკითხის დაყენებას და თავმჯდომარის იმპიჩმენტს საკანონმდებლო ორგანოს მომდევნო სხდომაზე გეგმავენ. განცხადებაზე ხელმომწერი 15 დეპუტატიდან 13 "ქართულ ოცნებას" წარმოადგენს, ხოლო 2 "პატრიოტთა ალიანსს" მამუკა ლურსმანაშვილი და ტატიანა მარტინენკო.


ზაზა ჩაჩანიძე აცხადებს, რომ ის ამას ელოდა, თუმცა ბრძოლას ბოლომდე აპირებს თანამოაზრეებთან ერთად, ხოლო პატრიოტთა ალიანსის სახელით, საკრებულოში შესული ტატიანა მარტინენკო, საკუთარ გადაწყვეტილებას სიტუაციის ჩიხში შესვლით ხსნის და თვლის, რომ საკრებულოს თავმჯდომარე უნდა შეიცვალოს.

საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტისთვის საკრებულოს დეპუტატების ნახევარზე მეტია საჭირო. შესაბამისად საკრებულოს 28 დეპუტატიდან, გადაყენებას მხარი 15–მა უნდა დაუჭიროს.

შეგახსენებთ დაპირისპირება ბორჯომის საკრებულოში 20 ნოემბრიდან, საკრებულოს პირველი სხდომიდან დაიწყო. საკრებულოს სხდომებს ბოიკოტი ჯერ "ქართული ოცნების" 13 დეპუტატმა გამოუცხადა, შემდეგ კი დაპირისპირება და აქციები მერიის თანამშრომლების ხელფასების გაზრდის საკითხს მოჰყვა.



Print