ახალი ამბები
ბოიკოტის შემდეგ "ქართული ოცნება" ბორჯომის საკრებულოს სხდომას პირველად შეუერთდა
ბორჯომის საკრებულოს სხდომა დღეს, 28 თებერვალს, 12:00 საათზე დაიწყო. სხდომაზე ქვორუმი შედგა, ადგილზე 15 ოპოზიციონერი დეპუტატი გამოცხადდა. სწორედ მათ დაიწყეს დღის წესრიგით განსაზღვრული საკითხების განხილვა, რამდენიმე საკითხის განხილვის შემდეგ, საკრებულოს სხდომას შეუერთდა "ქართული ოცნების" 11 დეპუტატი, რომელიც ამ დრომდე ბოიკოტის რეჟიმში იმყოფებოდა. მმართველი გუნდის წარმომადგენლების საკრებულოს სხდომაზე შესვლას, მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლები ტაშით შეხვდნენ.

ამ დროისთვის, საკრებულოს სხდომას 28-დან 26 დეპუტატი ესწრება. დღის წესრიგის მიხედვით, უნდა განიხილონ 27 საკითხი, მათ შორის ერთ-ერთი საკითხია საჯარო მოხელეებისთვის საშტატო ნუსხის განსაზღვრა და ხელფასების დამტკიცება.

შეგახსენებთ, საჯარო მოხელეებისთვის ხელფასების დამტკიცების საკითხის განხილვა არშემდგარი კვორუმის გამო რამდენჯერმე გადაიდო. 20 ნოემრბრის შემდეგ, ბოიკოტის რეჟიმში იყვნენ "ქართული ოცნების"  დეპუტატები. მმართველი გუნდი, საკრებულოს სხდომას დღეს პირველად შეუერთდა.

ქვეყნის მასშტაბით, ბორჯომის საკრებულო ერთადერთია, სადაც მმართველი გუნდი უმცირესობაშია. ადგილობრივ საკანონმდებლო ორგანოში სულ 28 დეპუტატია. 
"ქართული ოცნების" 13 დეპუტატი, "პატრიოტთა ალიანსის" 11 დეპუტატი, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" 2 დეპუტატი, "ლეიბორისტული პარტიის" 1 დეპუტატი და "ევროპული საქართველოს" 1 დეპუტატი - ამ შემადგენლობით დაკომპლექტდა ბორჯომში, ახალი მოწვევის საკრებულო. საკრებულოში, 15 ოპოზიციონერი დეპუტატის მიერ არჩეულ იქნა საკრებულოს თავმჯდომარედ "პატრიოტთა ალიანსის" წარმომადგენელი, ზაზა ჩაჩანიძე და მოადგილედ, მისი თანაგუნდელი გიორგი გოგიჩაიშვილი.
Print