ახალი ამბები
ბორჯომის საკრებულოს სხდომა 28 თებერვლამდე გადაიდო
ბორჯომის საკრებულოს სხდომაზე კვორუმი დღესაც არ შედგა. 13:00 საათისთვის გადადებულ სხდომას არც ამჯერად ესწრებოდა "პატრიოტთა ალიანსის" დეპუტატი , იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე - ტატიანა მარტინენკო. მარტინენკო, 12:00 საათზე ჩანიშნულ სხდომაზეც არ გამოცხადდა, სწორედ ამის გამო გადაიდო სხდომა ერთი საათით. რატომ არ გამოცხადდა საკრებულოს სხდომაზე ტატიანა მარტინენკო, მიზეზი მათი თანაგუნდელებისთვის უცნობია. შეგახსენებთ, ახალი მოწვევის საკრებულოს არცერთ სხდომას არ დასწრებია "ქართული ოცნების" 13 დეპუტატი.

დღევანდელ სხდომაზე დასასწრებად 27 დეპუტატიდან გამოცხადდა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი, თუმცა კვლავ არშემდგარი კვორუმის გამო საკრებულოს სხდომა 28 თებერვლამდე გადაიდო. ადგილობრივ საკანონმდებლო ორგანოში განაცხადეს, რომ 28 თებერვლამდე შესაძლებელია რიგგარეშე სხდომის ჩატარებაც.

დღის წესრიგში განსახილველად სულ 27 საკითხია შეტანილი, მათგან ორი საკითხი ბორჯომის საკრებულოს და მერიის საჯარო მოხელეების, საშტატო ნუსხისა და ხელფასების დამტკიცებას ეხება.
Print