პოლიტიკა
ლევან ლობჯანიძე სამსახურეობრივი უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა
მისმა მოადგილემ და 7 თებერვლის საკრებულოს სხდომის თავმჯდომარემ თამაზ ძაძამიამ განკარგულებას ხელი გუშინვე მოაწერა. დოკუმენტის თანახმად, უკვე ყოფილმა თავმჯდომარემ იმედა მღებრიშვილმა თანამდებობა დატოვა, ხოლო ლევან ლობჯანიძემ კუთვნილი პოსტი დაიკავა.

საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, ამ დროისათვის "ქართული ოცნების" დეპუტატების ნაწილისგან დაპირებულ განცხადებას ელოდება, რომლის მიხედვითაც, საკრებულოს წევრები მის ხელახალ იმპიჩმენტს მოითხოვენ.

იმპიჩმენტის წესით გადაყენებული ლევან ლობჯანიძე საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე უზენაესი სასამართლოს განჩინების საფუძველზე დაბრუნდა, რომელიც ცნობის სახით დეპუტატებს თამაზ ძაძამიამ 7 თებერვალს გამართულ საკრებულოს სხდომაზე წარუდგინა.

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ძალაში დარჩა ახალციხის რაიონული სასამართლოს განჩინება, რომლის მიხედვითაც, ადიგენის საკრებულო ვალდებული იყო, ლევან ლობჯანიძე თავმჯდომარის თანამდებობაზე აღედგინა; ბათილად ეცნო 2015 წლის 4 მარტის საკრებულოს სხდომის ოქმი ლობჯანიძის გადაყნებისა და იმედა მღებრიშვილის დანიშვნის თაობაზე. გარდა ამისა, ადიგენის მუნიციპალიტეტი ვალდებულია იმპიჩმენტის წესით გადაყენებულ თავმჯდომარეს განაცდური აუნაზღაუროს. საიდან გამოყოფს თანხებს ადგილობრივი ხელისუფლება, ჯერ-ჯეობით უცნობია.

წყარო: ტელეკომპანია "მეცხრე არხი"

Print