ახალი ამბები
საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა პოლიტიკურად გადაუწყვეტელია
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, მოსახლეობის უმეტესობამ არ იცის ან არ ასახელებს იმ პარტიას, რომელიც მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს დგას. ანგარიშის მიხედვით, პარტიების მხარდაჭერის ინდივიდუალური მაჩვენებლები იმდენად დაბალია, რომ არჩევნების შედეგების გამოსაცნობად ვერ გამოდგება.

კითხვაზე, რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს:


47% პასუხობს, რომ არც ერთი,

19% ამბობს, რომ ქართული ოცნება,

13% კითხვაზე არ პასუხობს,

6% ამბობს, რომ არ იცის,

4% ასახელებს ნაციონალურ მოძრაობას,

12% კი სხვა პარტიებს.




NDI-ის კვლევის შედეგებით გამოვლინდა, რომ გამოკითხულთა 62%-ის აზრით, საქართველოში არც ერთი პარტია მათ ინტერესებს არ გამოხატავს.

გამოკითხულთა უმრავლესობა ამბობს, რომ მათ ინტერესებს არცერთი პარტია არ ემსახურება.


უფრო კონკრეტულად, NDI-ის კვლევის შედეგების მიხედვით, კითხვას: „არსებობს თუ არა საქართველოში ერთი პარტია მაინც, რომელიც თქვენს ინტერესებს გამოხატავს“,


გამოკითხული პირების 62% პასუხობს - „არა“.

29% კითხვაზე დადებით პასუხს იძლევა.

7% ამბობს, რომ არ იცის, 2% პასუხზე უარს ამბობს.


აღნიშნული სტატისტიკის განაწილება მოქალაქეთა სხვადასხვა კატეგორიის მიხედვით კი აჩვენებს, რომ რწმენა, რომ მათ ინტერესებს ერთი პოლიტიური პარტია მაინც გამოხატავს, შედარებით მაღალია დიდ ქალაქებში, 55+ ასაკობრივ ჯგუფსა და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებში.

კვლევის შედეგების თანახმად, „ქართული ოცნების“ ყოველი მეხუთე მხარდამჭერი, თითქმის ყოველი მეორე ოპოზიციის მხარდამჭერი და გადაუწყვეტელ ამომრჩეველთა უმრავლესობა ამბობს, რომ არ არსებობს ერთი პარტია მაინც, რომელიც მათ ინტერესებს გამოხატავს.


აღნიშნული ანგარიში 14 ოქტომბრიდან 4 ნოემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირი გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). ოქტომბერში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2,068 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 2,2 პროცენტია.


Print