ახალი ამბები
ევროპამ საქართველოს მიმართ კიდევ ერთხელ აჩვენა ურყევი მხარდაჭერა - პრეზიდენტი
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტის მიერ თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით რეზოლუციის დამტკიცებას გამოეხმაურა.

როგორც სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, ევროპამ საქართველოს მიმართ კიდევ ერთხელ აჩვენა ურყევი მხარდაჭერა.

„ევროპა კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს მიმართ ურყევ მხარდაჭერას. მადლობელი ვარ თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით ევროპარლამენტის დასკვნითი რეზოლუციისთვის, რომელიც ხაზს უსვამს საერთაშორისო საზოგადოების როლს იმ გამოწვევებთან დაპირისპირებაში, რომელთაც საქართველოს მოქალაქეები, რუსეთის მუდმივი ოკუპაციის ქვეშ განიცდიან“, - წერს სალომე ზურაბიშვილი X-ზე (ყოფილი „ტვიტერი“).

შეგახსენებთ, დღეს ევროპარლამენტმა რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით რეზოლუცია დაამტკიცა.

რეზოლუციას, რომელსაც რამდენიმე თანაავტორი ჰყავს, ევროპარლამენტის 495-მა წევრმა დაუჭირა მხარი.

რეზოლუციის ტექსტში ევროპარლამენტარები საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობას გმობენ და საქმის საფუძვლიან გამოძიებას, დამნაშავეების დასჯას და საოკუპაციო ძალების ტყვეობაში მყოფი მოქალაქეების გათავისუფლებას მოითხოვენ. ევროპარლამენტარები ასევე გამოხატავენ მხარდაჭერას ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ.
Print