ახალი ამბები
ზურა ხაჩიძე მოქალაქეებს ბოდიშს უხდის, არჩევნებზე სალომე ზურაბიშვილისთვის ხმის მიცემას რომ სთხოვდა
სამცხე–ჯავახეთის მხარის რწმუნებულის მოადგილე ზურა ხაჩიძე თვლის, რომ შეცდომა დაუშვა როცა 2018 წლის არჩევნებზე მოქალაქეებს სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერისკენ მოუწოდა. საქართველოს პრეზიდენტის შესახებ განცხადება მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.


"2018 წელს, სალომეს საპრეზიდენტო არჩევნებზე რაც მე და ჩემმა ოჯახმა გავიარეთ, წყევლა, მუქარა, შეურაცხყოფა, ამას მტერსაც არ ვუსურვებ!

ყველაზე მეტი დარტყმა ჩემს ნინიზე იყო, ამოიღეს მიზანში და ყველას კარგად გემახსოვრებათ რა ჯოჯოხეთი გაატარეს, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. ლანძღვა,მუქარა, წარმოუდგენელი ბულინგი და დამცირება, ეს იყო ჩვენი 24 საათიანი რეჟიმი.

სალომეზე მეტად ჩვენ დავზარალდით, თან მიუჩვევლები, მარტო სიყვარულს, რომ ვიღებდით მთელი ცხოვრება. ( სალომეს ელემენტარული მადლიერებაც კი არ გამოუხატავს ჩვენს მიმართ).
მისი არჩევნები იყო, როდესაც გასტროლები მქონდა ამერიკაში, კერძოდ ფილადელფიაში და მისი გვერდში დგომისთვის ყველაზე მწარედ იქ დავისაჯე.( დეტალებში აღარ შევალ).

არ მიჭირს შეცდომის აღიარება და მინდა ბოდიში მოგიხადოთ, უკლებლივ ყველას, ვისაც მოგიწოდებდით არჩევნებზე მისთვის ხმის მიცემას…

პ.ს. 2018 წლის არჩევნებზე, რომ იწყება ლაპარაკი, ტანში მზარავს, გახსენებაც კი არ მინდა, რაც ჩემმა ოჯახის თითოეულმა წევრმა გაიარა. ეს იყო ჩვეულებრივი წამება! ჩვენ, ადამიანებს, რომელიც სიყვარულს გავცემთ და ამას ვიღებდით თითოეული ჩვენი მსემენელისგან გაასმაგებულად, ამ პერიოდმა ეს წაგვართვა და დიდი შავი ლაქა დატოვა ჩვენს ცხოვრებაში და კარიერაში"
… - წერს ზურა ხაჩიძე.


ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის წესით გადაყენება მმართველი გუნდის დეპუტატებმა 18 ოქტომბერს სცადეს, თუმცა არასაკმარისი ხმების გამო, იმპიჩმენტი ჩავარდა.

მმართველი გუნდის მიერ ზურაბიშვილის წინააღმდეგ, იმპიჩმენტის პროცესის დაწყების საფუძველი, პრეზიდენტის მიერ ევროპაში განხორციელებული ის საგარეო ვიზიტები გახდა, რაზეც მთავრობამ სალომე ზურაბიშვილს თანხმობა არ მისცა.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტს კონსტიტუციის დარღვევა 16 ოქტომბერს დაუდგინა. ამ ფაქტს სალომე ზურაბიშვილმა სამარცხვინო უწოდა.
Print