პოლიტიკა
კანონპროექტი „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ პარლამენტიდან გაიწვიეს
„ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული მეორე კანონპროექტი, „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ პარლამენტიდან გაიწვიეს. „ხალხის ძალის“ დეპუტატების წერილობითი მიმართვა, ბიუროს სხდომას წარედგინა, რომელმაც მოთხოვნა დააკმაყოფილა.


"უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტით, უცხოეთის აგენტად რეგისტრაციის ვალდებულება ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს უნდა ჰქონოდა, რომელიც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებს.
„უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება გამოიწვევდა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას და იქნებოდა დასჯადი ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით - 5 წლამდე ვადით.

პროექტის თანახმად, სუბიექტები, რომლებიც კანონპროექტით დადგენილ უცხოური ძალის აგენტის კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ, ვალდებული ხდებოდნენ, გენერალური პროკურორისთვის მიემართათ და უცხოური ძალის აგენტად დარეგისტრირება მოეთხოვათ.

აღნიშნული კანონის მოქმედება არ ვრცელდებოდა დიპლომატებზე, კონსულებზე და დიპლომატიური სამსახურისა და საკონსულო დაწესებულების თანამშრომლებზე. კანონი ასევე არ ეხებოდა უცხო ქვეყნის თანამდებობის პირებს, პირს, რომელიც საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა და პირს, „რომელიც რელიგიურ, საგანმანათლებლო, მეცნიერულ, აკადემიურ ან სახელოვნებო საქმიანობას კეთილსინდისიერად ეწევა“.




Print